logo
ENG



ნაჯა ორაშვილი: 16 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბასიანის თანამშრომლებს 18-ჯერ ესროლა

28 სექ 202015:38
3 წუთის საკითხავი
clock 3866
7eqhwplw3farkj6.jpg

კლუბ BASSIANI-ს თანამფლობელი ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 16 წლით პატიმრობა მიესაჯა ადამიანს, რომელმაც 2020 წლის 12 იანვარს, BASSIANI-ის შესასვლელში, კლუბის თანამშრომლებს 18-ჯერ ესროლა.

"დღეს დასრულდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი. 16 წელი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც 2020 წლის 12 იანვარს, BASSIANI-ს შესასვლელში, ცეცხლსასროლი იარაღით ჩვენი თანამშრომლების მიმართ 18 გასროლა განახორციელა და დაჭრა სამი მათგანი. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის, მადლობა მათ, ვინც ბოლომდე მიყვა პროცესს", - წერს ორაშვილი.

განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლომაც გაავრცელა და მიუთითა, რომ "ბ.ჩ.-ს ბრალად ედებოდა მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა, სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბ.ჩ.-ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა". 

2020 წლის 12 იანვარს BASSIANI-ის ტერიტორიაზე მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, სროლისას სამი ადამიანი დაიჭრა. ამ ფატთან დაკავშირებით დააკავეს ერთი ადამიანი - 1980 წელს დაბადებული ბიძინა ჩაჩხიანი.

თავიდან გამოძიება ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობდა, შემდეგ კი შეიცვალა და ჩაჩხიანს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ხულიგნობას ედავებოდნენ.

21 იანვარს ჩაჩხიანს ბრალი დაუმძიმდა. შსს-ს ინფორმაციით, დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჩაჩხიანს დაუზუსტდა ბრალდება და მას წარედგინა ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

(მასალა განახლებადია)

 


close დახურვა