BASSIANI-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოსთან კლუბების გახსნის ნაწილში 6 თვის განმავლობაში თანამშრომლობდნენ, თუმცა არც ერთმა უწყებამ მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა არ გაითვალისწინა.
როგორც ორაშვილმა ფორმულას ეთერში განაცხადა, მოლაპარაკებების შედეგი არის - შანტაჟი, დაშინება და ღამის კლუბების განადგურება.
ორაშვილის თქმით, კლუბები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც პანდემიის დაწყების შემდეგ, პასუხისმგებლიანად მოიქცნენ და დახურვის შესახებ განაცხადეს, მას შემდეგ კი 22 თვე გავიდა.
"თუნდაც თავისუფლების აღკვეთად დამიჯდეს, ამ სივრცეს არ დავალუქინებ. იმიტომ, რომ სახელმწიფო არის ან მზრუნველი ან მას სხვა გეგმები და მიზნები აქვს. ჩვენ 6 თვე ვიმუშავეთ გამოსავალზე, ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაფუძნებულ სტანდარტზე, რომელსაც უნდა უზრუნველყო დახურულ სივრცეებში ვირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანა. მათ ამაზე უარი გვითხრეს. შესაბამისად მიზანი არის ამ თავისუფალი და უსაფრთხო სივრცეების ფიზიკური განადგურება, ჩვენი დაშინება.
პირადად მე 400-გვერდიანი სახელმძღვანელო დოკუმენტი მაქვს გაკეთებული, ორი კვლევა გვაქვს შემუშავებული. ძალიან კარგად გვესმის ეპიდემიოლოგიური სიტუაციების სიმწვავე, მისი ტრაგიკული შედეგები, მაგრამ პირველებმა დავხურეთ ამ მოტივით. 22 თვე ველოდებოდით, ვეძებდით გამოსავალს და ვიპოვეთ ეს გამოსავალი. ეს უწყებები უნდა დათანხმებოდნენ ამ გამოცდილებას. 6 თვე ველაპარაკეთ, შედეგი არის - შანტაჟი, დაშინება, განადგურება", - განაცხადა ნაჯა ორაშვილმა.
მანამდე ორაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ შრომის ინსპექცია BASSIANI-ს ლუქავს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია სხვა კლუბების დალუქვის შესახებ.
***
საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.
17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკემბერს განაახლებდნენ.
გუშინ, 23 დეკემბერს თბილისის სცენის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ წვეულებების გაუქმების მიზნით, შესაბამისმა უწყებებმა მეიჯარეებისგან მოითხოვეს, რომ თავად არ დაუშვან კლუბების გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სადამსჯელო ღონისძიებებს".
კლუბები აცხადებენ რომ ეს არის ცალსახად შანტაჟისა და მუქარის, დაშინებისა და რეპრესიის გზა, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია.
22 დეკემბერს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის წარმომადგენელმა, დავით ლეჟავამ ფორმულას ეთერში თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლების განცხადება წაიკითხა და თქვა, რომ კლუბები მუშაობას იმ პროტოკოლის მიხედვით გააგრძელებენ, რომელიც მათ შესაბამის უწყებებთან შეიმუშავეს.
"მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება, თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის შესაქმნელად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ სფეროს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯის გაწევა მოგვიწია", - აღნიშნულია განცხადებაში.
რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია.