logo
ENG



ნევროლოგი: სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრებიც ნორმაშია

23 ნოე 202121:24
3 წუთის საკითხავი
 
ნევროლოგი: სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრებიც ნორმაშია

ნევროლოგი თენგიზ წულაძე, რომელიც სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრია, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და სასიცოცხლო პარამეტრებიც ნორმაშია. 

წულაძემ ექსპრეზიდენტი კონსილიუმის სხვა წევრ ექიმებთან ერთად გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს მოინახულა

"წინა გასინჯვასთან შედარებით სტაბილურია. სასიცოცხლო პარამეტრებიც ნორმაშია. ელექტროლიტებიც მოწესრიგებულია. ცოტა სუსტად არის, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. ვეთანხმები, რასაც აკეთებენ ჩვენი კოლეგები. ჩვენი შეფასებაც დაახლოებით მათი შეფასების იდენტურია. მათი შეფასებაც იდენტურია ჩვენი მაშინდელი შეფასებისა. ყველა პარამეტრი ჯერ კიდევ ნორმალიზებული არ არის, განსაკუთრებით ნევროლოგიური პარამეტრები, მაგრამ მგონი გაუმჯობესების პროცესშია. არც არის მოსალოდნელი, რომ, როდესაც ვერნიკეს ენცეფალოპათიაა, მეორე დღეს გაუმჯობესდეს, თუმცა, შესაძლებელია. მაგრამ არ მოხდა ამ ფორმით". - თქვა თენგიზ წულაძემ. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჯერ ისევ სუსტად არის, აქვს თვალის პრობლემები და ამის გაუმჯობესებას, შესაძლოა, რამდენიმე კვირა დასჭირდეს. ამასთან, როგორც ნევროლოგი ამბობს, ექსპრეზიდენტს შეუძლია სიარულიც და მეტყველებაც. 

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, შეძლებს თუ არა სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას, რომელიც 29 ნოემბერს არის დანიშნული. 

წულაძემ პასუხად თქვა: 

"წინასწარ ძნელი სათქმელია, 29 ნოემბრამდე შეძლებს თუ არა გაუმჯობესებას ისე, რომ სასამართლო პროცესს დაესწროს. შესაძლოა, რომ გაუმჯობესდეს და დაესწროს, მაგრამ 100%-ით თქმა მოსალოდნელი არ არის. 6 დღის მერე როგორ იქნება, არ ვიცით". 

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, 49-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს. 


close დახურვა