ნიკა გვარამიას პროცესი 13 დეკემბრამდე გადაიდო. საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ პროცესის გადადებაზე შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
როგორც ბასილაია აცხადებს, ობიექტური მიზეზების გამო ის ვერ გაეცნო საქმის მასალებს, რადგან სამოქალაქო პროტესტში მონაწილეობისას პოლიციამ დააკავა და ის ციხეში იმყოფებოდა. მისივე თქმით, ეს საქმე ხელისუფლების მხრიდან გამოიყენება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და მას რეალური სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
„ერთგვარი ირონიული მიზეზის გამო ბრალდებული დარჩა ადვოკატის გარეშე, ადვოკატი იმყოფებოდა პატიმრობაში. ეს გარემოება მოსამართლემ გაითვალისწინა და მოგვცა დამატებით ვადა წინასასამართლო სხდომაზე განსახილველი საკითხებისთვის მოსამზადებლად და, შესაბამისად, პოზიციების წარმოსადგენად. ეს პროცესი არის ცალსახად მოტივირებული ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული მიზეზებით და ცდილობენ სისხლის სამართლის საქმით მიაღწიოს კონრეტულ მიზანს“, - აცხადებს ბექა ბასილაია.
ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი კი მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითებს და ამბობს, რომ მსგავს ქეისებს პროკურატურა საერთოდ არ უნდა იძიებდეს, რადგან მას შესაბამისი კომპეტენცია არ გააჩნია.
„მტკიცებულებები ამ საქმეზე ფიზიკურად ვერ იარსებებს, რადგან ეს არ არის შემთხვევა, როდესაც დანაშაული ჩადენილია და უნდა დადგინდეს, კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა ეს დანაშაული თუ სხვა პირმა. ეს არის კლასიკური შემთხვევა, როდესაც პროკურატურას არ აქვს კომპეტენცია იკვლევდეს საკითხებს, რასაც იკვლევს და ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება. ამ პროცესებს, როცა განვითარდება, არანაირი სამართლებრივი შინაარსი არ ექნება“, - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
პროკურატურა კი აცხადებს, რომ დაცვის მხარეს დოკუმენტები კანონით გათვალისწინებულ ვადებში მიეწოდა და არ არსებობდა არანაირი საჭიროება პროცესის გადადებისა.
პროკურატურა გვარამიას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ საზიანოდ მიღებულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს ედავება. ამ საქმეს კიდევ ორი ბრალდებული ჰყავს, „რუსთავი 2-ის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი და „ინტერმედიას“ დირექტორი, ნიკა გვარამიას ბრალი ზაფხულში წარედგინა.