ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების განცხადებით, ნიკა მელიასთან გაფორმდება ოქმი, რომლის მიხედვითაც მას გირაოს თანხის გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთკვირიანი ვადა.
ასევე, პროკურატურში ამბობენ, რომ გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას ექვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.
საქმე ეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს, რაზეც მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.
ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით. მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. მანმადე, მან ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ, საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.