logo
ENG



ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერმინისტრის პოსტს ტოვებს

25 აპრ 202111:44
3 წუთის საკითხავი
 

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერმინისტრის პოსტს ტოვებს. 

ამის შესახებ განცხადება მან მოქალაქეებისთვის მიმართვის დროს გააკეთა. 

"მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ გადავდექი დღეს - მოქალაქის დღეს. ეს სიმბოლოა იმისა, რომ ხალხს უბრუნებს იმ ძალაუფლებას, რომელიც მას მოქალაქეებმა მიანიჭეს, რათა თავად განსაზღვრონ ქვეყნის ბედი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით". - განაცხადა მან. 

ნიკოლ ფაშინიანმა გადადგომა 28 მარტს დააანონსა.

რიგგარეშე არჩევნები 2021 წლის 20 ივნისს გაიმართება. 

ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას სომეხი მოქალაქეები ყარაბაღის ომში დამარცხების შემდეგ ითხოვდნენ.  

მანამდე  ნიკოლ ფაშინიანის და მისი მთავრობის გადადგომა გენერალურმა შტაბმა მოითხოვა. ეს მოთხოვნა ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა. 

გენშტაბი თავის განცხადებაში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნას იმით ხსნის, რომ პრემიერმინისტრსა და მთავრობას გონივრული გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეუძლიათ. თავის მხრივ ფაშინიანმა გენშტაბის უფროსი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

ფაშინიანის მიმართ მზარდი საზოგადოებრივი წნეხი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის მიერ წაგებულ პოზიციებს მოჰყვა. მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს მხარეებს შორის, რუსეთის შუამდგომლობით, სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა, სომეხი ოპოზიციური ძალები და მათი მხარდამჭერები ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. 

შეთანხმების გაფორმების შემდეგ, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილზე, რომელიც 1990-იან წლებში დაკარგა, კონტროლი აღიდგინა. თავად ფაშინიანმა განაცხადა, რომ შეთანხმება ერთადერთი გამოსავალი იყო სომხური მხარისთვის, რათა აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის მთელ რეგიონზე არ მიეტანა იერიში. 


close დახურვა