„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ნინო გოგუაძე, გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ეხმაურება. გოგუაძის თქმით, ხელისუფლება რეპრესიებზე გადავიდა და ამ პირობებში მათთან საუბარს არანაირი აზრი არ აქვს.
„დღეს ბიძინა ივანიშვილმა გამოგვიცხადა, რომ სახელმწიფო ვარ მე, კანონი ვარ მე. ადამიანი ერთი და იგივე საქმეზე შემიძლია რამდენჯერაც მინდა იმდენჯერ დავაპატიმრო, ამ მოძალადე ხელისუფლების პირობებში ხელისუფლებასთან ლაპარაკს არანაირი აზრი არ აქვს. ოპოზიცია მზად ვართ, რომ ეს ხელისუფლება არსებული სისტემით დავამთავროთ და ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ძალიან კოორდინირებულად ისე, რომ ქვეყანა ხიფათის ზღვარზე არ დავაყენოთ, ეს ხელისუფლება გავისტუმროთ ხელისუფლებიდან“,-განაცხადა ნინო გოგუაძემ.
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.