მასწავლებელსა და აქტივისტ ნინო დათაშვილს მოსამართლემ პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეუფარდა.
"ჩემი გადარჩენაა დღეს აქედან გაშვება, მადლობა ციხის ადმინისტრაციას, ექიმებს, ყველაფერს აკეთებდნენ ჩემი ჯანმრთელობის გადასარჩენად, მაგრამ გაუარესდა", - თქვა მასწავლებელმა სასამართლო პროცესზე.
რამდენიმე წუთის წინ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტებული იყო, რომ დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე უწყება აქტივისტისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვდა.
ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.
აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დათაშვილს დღეს სასამართლო პროცესი აქვს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მას ვერ დაესწრება.
გუშინ მასწავლებლის ქმარმა გამოქვეყნებულ წერილში ვრცლად ისაუბრა დათაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობაზე.
მისი თქმით, აქტივისტს უჭირს კიბეზე ასვლა და გადაადგილდება ეტლით. გარდა ამისა, მას ესაჭიროება რამდენიმე სახის ოპერაცია.
