ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი ამბობს, რომ სამოქალაქო მოძრაობის მიერ დაყენებულ მოთხოვნებს სერიოზულად არ აღიქვამს.
მისი თქმით:
"სირცხვილიას ინიცირებულ აქციაზე გაჟღერებული ეს მოთხოვნები არანაირად არ ანიჭებს აღნიშნულ საკითხებს ლეგიტიმაციას და რა თქმა უნდა, ამას არც სერიოზულად აღვიქვამთ. იმედი მაქვს, რომ იქ მდგომი ადამიანებიც საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ, რადგან ევროკავშირში გასაწევრიანებლად ხელისუფლებამ ყველა სათანადო ნაბიჯი გადადგა და ასევე გადადგამს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ საბოლოოდ მივიყვანოთ შედეგამდე".
24 ივნისს გამართულ აქციაზე მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" ხელისფლების მიმართ მოთხოვნები გამოაცხადა. მოძრაობა ითხოვს, "გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს, სანამ ზამთარი მოვა".
მოგვიანებით მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ თქვა, რომ ტექნიკურ მთავრობაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ.
მოძრაობამ ხელისუფლებას 1 კვირა მისცა იმისათვის, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა.
ასევე, 3 ივლისს დაანონსდა კიდევ ერთი აქცია.