ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის, ბიორნ არილდ გრამის განცხადებით, ნორვეგია უკრაინას Leopard 2-ის 8 ტანკს გადასცემს.
"ნორვეგია ფართო საერთაშორისო „სატანკო კოალიციას“ შეუერთდა, რათა უკრაინას მთავარი საბრძოლო ტანკით დაეხმაროს. სამხედრო პერსონალის მომზადება უკვე მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში პირველი ტანკები უკრაინაში იქნება. ჩვენ ასევე ვეხმარებით [უკრაინას] საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში.
ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინასთან ერთად ყოფნას და თქვენს [უკრაინელების] მხარდაჭერას ამ გზაზე", - თქვა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, თავდაცვის მინისტრმა გამოაცხადა გადაწყვეტილება უკრაინის დასახმარებლად 7,5 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. შესაბამისი პროგრამა დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინა.
25 იანვარს, გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 11 თებერვალს, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი უკრაინაში გასაგზავნად მზად იქნება.