logo
ENG



ნუ შეუქმნით რისკს თანამოქალაქეებს - პაატა იმნაძე მოგზაურობიდან დაბრუნებულებს მიმართავს 

01 მარ 202022:47
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ, გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ კორონავირუსთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ლუგარის ცენტრი, სადაც ანალიზების კვლევა მიმდინარეობს, 24-საათიან სამუშაო რეჟიმზეა გადასული.

მისი თქმით, ბოლო მონაცემებით სულ 150-მდე ანალიზი იქნა გამოკვლეული, საიდანაც 3 შემთხვევაში პასუხი დადებითი იყო. რაც შეეხება პაციენტებს, რომლებსაც ვირუსი არ დაუდასტურდათ, იმნაძემ განაცხადა, რომ ეს ინფექციის არსებობას არ გამორიცხავს. მისი თქმით, 14 დღის განმავლობაში, რაც ინკუბაციის პერიოდად მიიჩნევა, შესაძლოა, ვირუსი ნებისმიერ დღეს გამოვლინდეს.

პასუხები როცა უარყოფითია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები გაიქცნენ კარანტინიდან. მინდა ეს ყველამ კარგად გაიგოს. 14 დღის განმავლობაში არის ინკუბაციური პერიოდი. შეიძლება ადამიანი მესამე დღეს გახდეს დადებითი, ვთქვათ მსუბუქი ფორმით და საბედნიერო სამივე პაციენტის მდგომარეობა არის მსუბუქი, ან შეიძლება მე-14 დღეს გახდეს მსუბუქი. მაგალითად პირველი პაციენტის შემთხვევაში, რომელსაც დაუდასტურდა, ანალიზები ორი დღის შემდეგ კიდევ ავიღეთ და პასუხი უფრო მეტად გამყარდა. ასევე გამეორდება მეორე და მესამე პაციენტის შემთხვევაშიც. ჩვენ ამის მონიტორინგს ვაწარმოებთ ყოველდღიურად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში მოგზაურობენ, იმნაძემ თხოვნით მიმართა, როდესაც საქართველოში დაბრუნდებიან, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც კი, 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩნენ. მან ასევე დამსაქმებლებს მოუწოდა, ქვეყანაში დაბრუნებული თანამშრომლები ინკუბაციის პერიოდის დასრულებამდე სამსახურში არ დაუშვან.

პრაქტიკულად შეწყდა მიმოსვლა ირანიდან და ჩინეთიდან, მაგრამ იტალიაში ჩვენი ინფორმაციით ბევრი თანამოქალაქეა. მათ უარს ვერ ვეტყვით დაბრუნებაზე, მაგრამ ვისაც სიმპტომები არ აქვს, თხოვნა გვაქვს მათთან, ეს არის მოქალაქეობრივი თვითშეგნება, რომ ნუ შეუქმნიან რისკს თავიანთ თანამოქალაქეებს და დარჩნენ სახლში, თვითიზოლაციის პირობებში. პირველ რიგში, თავიანთ ახლობლებს გაუფრთხილდნენ. ახალგაზრდების უმრავლესობა ამ დაავადებას საკმაოდ ადვილად გადაიტანს, პრობლემაა დიდი ასაკის ადამიანებისთვის. ამიტომ მოუფრთხილდნენ მშობლების თაობას და მაქსიმალურად დაიცვან ყველა წესი. იმ სამსახურების ხელმძღვანელებმა, ვინც იციან რომ მათი თანამშრომლები დაბრუნდნენ ვთქვათ იტალიიდან, მოვუწოდებ მათ, რომ ორი კვირის განმავლობაში ისინი არ დაუშვან სამსახურებში. ამით რისკი გაიზრდება სხვა თანამშრომლებისათვის“, - აღნიშნა იმნაძემ.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაზე, იმნაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსოფლიოში 20-მდე კომპანია მუშაობს, თუმცა ამ სეზონზე შესაბამისი პრეპარატის დამზადება ვერ მოესწრება.

დღეს 20 კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც მუშაობს ვაქცინაზე. ხვალ პრეზიდენტ ტრამპს აქვს ამერიკელ მწარმოებლებთან შეხვედრა, მაგრამ ნუ გვექნება ვაქცინის იმედი, რადგან ამ სეზონზე არ იქნება. მათ შორის, "გილეადს" აქვს რაღაც პრეპარატი, რომლის გამოცდაც მიმდინარეობს“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

 


close დახურვა