logo
ENG



ოზურგეთის საკრებულოში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

19 აპრ 202312:41
3 წუთის საკითხავი
 

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ოზურგეთის საკრებულოში. სხდომაზე ოპოზიცია უმრავლესობისგან ითხოვდა პასუხებს კითხვებზე, თუ რატომ ვერ შესრულდა ბიუჯეტი და რატომ არ ხორციელდება მუნიციპალიტეტში სოციალური პროექტები.

საკრებულოს სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტი წარადგინეს, რომლიდანაც მხოლოდ 72% არის შესრულებული.

ოპოზიცია ამბობს, რომ მუნიციპალიტეტმა წარმომადგენლობითი ხარჯები 92%-ით შეასრულა, სოციალური პროექტებისთვის კი ბიუჯეტი ვერ აითვისა, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში 30 000-ზე მეტი ადამიანი სოციალურად დაუცველია.

ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ხელფასები გაზრდილია, მაგრამ ინფრასტრუქტურული პროექტები მხოლოდ 60%-ით არის შესრულებული.

"თქვენივე წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან, აქ რაც დადღაბნეთ, ირკვევა, რომ ბიუჯეტის საერთო შესრულება გაქვთ 72%. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, 2/3 ბიუჯეტის ვერ აითვისეთ. მათ შორის, ინფრასტრუქტურა, რომლითაც ასე ამაყობთ, ინფრასტრუქტურული მიმართულებით შესრულება გაქვთ 60%, თქვენივე დოკუმენტაციაში წერია ეს. ფაქტობრივად, ყოველი მეორე სამუშაო ვერ შესრულდა. სამაგიეროდ, ხელფასების მიმართულებით წარმომადგენლობითი ხარჯების შესრულება გაქვთ 92%."- განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თათია ნიკოლაშვილმა.

ოზურგეთის მერის პირველი მოადგილის, გიორგი ღურჯუმელიძის განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტმა 66 მილიონს გადააჭარბა და "საკმაოდ დადებითი მაჩვენებელია ის პროცენტი", რამდენადაც ბიუჯეტი შესრულდა.

"მათ [ოპოზიციას] არ უხსენებია, რომ 2022 წლის ბიუჯეტი იყო უპრეცედენტოდ მაღალი, 66 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისად მაქსიმალური ძალისხმევა იყო მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ ბიუჯეტი შეგვესრულებინა, საკმაოდ დადებითი მაჩვენებელია ის პროცენტი რაც არის. დეტალურად განვიხილეთ ყველა კომისიის სხდომაზე და ასევე ფრაქციის სხდომებზეც. სამწუხაროდ, ესენი არასდროს არ ესწრებიან, ეს დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, ნაციონალურ მოძრაობას ვგულისხმობ, იქ სადაც კამერები არ არიან."- განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.


close დახურვა