საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის, როკის გვირაბის მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
"საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აზიანებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს. უკანონო დაკავებები მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაძაბულობისა და საპროტესტო მუხტის გაღვივებას.
უკანონო დაკავებებსა და მის თანმდევ მძიმე შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალას", - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.