logo
ENG



ოკუპირებულმა აფხაზეთმა და რუსეთმა სოხუმის აეროპორტის აღდგენის ხელშეკრულება გააფორმეს

16 ივნ 202317:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/16/1utqnnrc2onqevh.jpg

სანქტ-პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ოკუპირებულმა აფხაზეთმა და რუსეთმა სოხუმის აეროპორტის აღდგენის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა. ოზგანის თქმით, ხელშეკრულება განსაზღვრავს მხარეთა პირობებს და ვალდებულებებს პროექტის განხორციელებისას და, კერძოდ, აფხაზეთის მიერ სპეციალური საინვესტიციო რეჟიმის უზრუნველყოფას, რომელიც შეღავათებს ითვალისწინებს.

"გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მოვლენა, რომელსაც თითქმის 30 წელი ველოდებოდით. ამ საინვესტიციო პროექტის განხორციელება აფხაზეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს", - აღნიშნა მან.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის დახმარებით სოხუმის აეროპორტის აღდგენას 2024 წლისთვის გეგმავს. ინვესტორი კომპანია რუსული სამრეწველო ჯგუფი Basic Element-ია, რომლის დამფუძნებელიც ოლიგარქი ოლეგ დერიპასკაა.

როგორც ეხო კავკაზა წერს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცა ვერ გაიხსნება, რადგანაც ეს საერთაშორისო ნორმებს არღვევს. ICAO-მ აეროპორტის კოდი გააუქმა და 2006 წლის შემდეგ საკუთარი დოკუმენტებიდან მის შესახებ ინფორმაცია ამოიღო.


close დახურვა