რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც ცხელი ხაზის მექანიზმი, ასევე სხვა ინსტრუმენტები.
აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი გასული წლის 15 დეკემბერს დააკავეს.