logo
ENG



ომბუდსმენის მოადგილე: მნიშვნელოვანია რატომ მოხდა ამ ჩანაწერის გასაჯაროება

22 იან 202022:52
3 წუთის საკითხავი
 

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატი ბევრი საკითხით არის დაინტერესებული და პირველ რიგში თუ როგორ მოხდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონიტორინგის პერიოდში პატიმართან შეხვედრის ამსახველი კადრები.

„პირველ რიგში, გვაინტერესებს რანაირად მოხდა მასალის დაარქივება. მნიშვნელოვანია რატომ მოხდა ამ ჩანაწერის გასაჯაროება, ეს პერსონალური მონაცემების კუთხით. მეორე საკითხია ის თუ რამდენად კანონიერად მოხდა სახალხო დამცველის წარმომადგენლის ჩაწერა. ბუნებრივია, არ მინდა მინდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან კომუნიკაციის ვინმეს შეეშინდეს. ყოველთვის ვცდილობთ, მაქსიმალურად ისე გვქონდეს კომუნიკაცია, რომ ჩაწერის შემთხვევაში შეუძლებელი გახდეს ჩვენი მიყურადება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ომბუდსმენის აპარატმა "ვითომ მონიტორინგი" განახორციელა. წულუკიანმა ლომჯარიას სთხოვა, რომ მონიტორინგის დროს აღარ გამოეგზავნა თანამშრომელი, რომელსაც დახეული ჯინსი ეცვა. წულუკიანმა დარბაზში სახალხო დამცველის წამომადგენლის სასჯელაღსრულებლის დაწესებულებაში პატიმართან ვიზიტის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ომბუდსმენის წარმოამდგენელს სახე არ ქონდა დაფარული.

გარდა ამისა,  წულუკიანი აცხადებს, რომ ლომჯარიას მხრიდან გაჟღერდა ჭორები და მის მოხსენებაში იყო არაპროფესიონალიზმის ნიშნები.

არაფორმალური მმართველობა ციხეებში, პატიმართა სხეულის საეჭვო დაზიანებები, ფიზიკური დაპირისპირება და თანამშრომლების მხრიდან, პატიმრების მისამართით დამამცირებელი მიმართვა - სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა კომიტეტზე, რამდენიმე ციხეში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები წარადგინა. 

მონიტორინგისა და მიდევნების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, ციხის კრიმინალური სუბკულტურა პატიმრებს არასათანადო მოპყრობის, მათ შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის საფრთხეს უქმნის. ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად გამოძალვაში, დამცირებაში, გარიყვასა და სხვა ქმედებაში გამოიხატება.

საქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრის ქმედების კანონიერების შესწავლის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორს მიმართავს. 


close დახურვა