logo
ENG



ომბუდსმენი: ადრეულ ქორწინებასა და ფემიციდზე სახელმწიფოს ნაბიჯები არასაკმარისია

06 ოქტ 202323:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/07/g5lzo85jmn829ga.jpg

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საგარეჯოში, სოფელ ლამბაროში ადრეული ქორწინების მსხვერპლი 14 წლის გოგოს მოძალადე "ქმრის" მიერ მკვლელობას ეხმაურება და შემაძრწუნებელს უწოდებს. ომბუდსმენის თქმით, ასევე, საგანგაშოა არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საბავშვო ასაკში იძულებით ქორწინებაზე ინფორმაციაზე. 

იოსელიანი აღნიშნავს, რომ მიუხედავად, შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინებაზე დაწყებული გამოძიების მაღალი მაჩვენებლისა, ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება, როგორც ბავშვთა ქორწინების შემთხვევების, ასევე, სავარაუდო ქორწინების იძულების ფაქტებზე გამოვლენა და გადამისამართება.

მისივე თქმით, კრიტიკულად დაბალია რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირების ცნობიერება ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოვლენის ინდიკატორების, პროცედურებისა და მათი ვალდებულებების შესახებ. 

"სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. სამწუხაროდ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფოს არ გაუძლიერებია მუშაობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ისეთ რეგიონებში, სადაც გენდერული ნორმები და სტერეოტიპები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი მოძალადე "ქმარმა" მოკლა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა, 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 


close დახურვა