სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, მათ რამდენიმე მსჯავრდებულმა #15 პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის პროცესის დაკვირვებისა და პატიმრებთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მისცა.
ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ვიზიტის დროს მათ თანამშრომლებს უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ინციდენტის ადგილზე იყვნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის, დაწესებულების დირექტორი და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ მომხდარა. ამ შემთხვევის გამო, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს იქვე მყოფ, არჩევნებში მონაწილე სხვა მსჯავრდებულების ძირითად ნაწილთან გასაუბრება.
"სამწუხაროდ, ცალკეული პატიმრების აქტიური ჩარევითა და ინიციატივით, ვერ მოხერხდა პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება და ყველა იმ პატიმრის უფლების დაცვა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ე.წ. პრივილიგირებულ პატიმრებს.
ვიზიტის დასაწყისში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები დაწესებულების ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ სცადეს არჩევნებში მონაწილე მსჯავრდებულებთან გასაუბრება მსჯავრდებულების საცხოვრებელი ტერიტორიისგან განცალკევებულ ადგილზე, სადაც მოწყობილი იყო საარჩევნო უბანი, მათ მიუახლოვდა ორი მსჯავრდებული და ხმამაღალი ტონით, სხვა მსჯავრდებულების გასაგონად უთხრეს, რომ პენიტენციურ სისტემაში 2012 წლის შემდეგ ყველაფერი კარგად იყო და არაფერი შესამოწმებელი არ იყო. შესაბამისად, კატეგორიულად მოსთხოვეს ვიზიტის შეწყვეტა.
მცირე დროში მათ შემოუერთდა რამდენიმე მსჯავრდებული და მსჯავრდებულების მხრიდან დაძაბული საუბარი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მსჯავრდებულებისთვის არ მოუწოდებიათ შეეწყვიტათ აღნიშნული ქმედება", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველის შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს, #15 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რითიც კონსტიტუციურ ორგანოს მისი ძირითადი და ასევე, გაეროს სპეციალური მანდატით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა ეზღუდება.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს შეისწავლონ აღნიშნული ინციდენტი.
საქართველოს სახალხო დამცველი არაერთი წელია აღნიშნავს, რომ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებობს კრიმინალური სუბკულტურის პრობლემა, რაც ხშირად პატიმართა ჩაგვრისა და მათი უფლებებით სარგებლობის შეზღუდვის მიზეზია.
პენიტენციური სამსახური ომბუდსმენის განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებია, თუმცა ფეისბუქის გვერდზე ციხეებში ხმის მიცემის მიმდინარეობის სესახებ გაავრცელა განცხადება. პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია ათი საარჩევნო უბანი.