logo
ENG



ომბუდსმენი: ყოფილ და მოქმედ აღსაზრდელებზე ზეწოლას ახდენენ, რომ ჩვენებები არ მისცენ

09 ივნ 202113:59
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ მათ გამოძიებას ჩვენება არ მისცენ. სპეციალურ ბრიფინგზე ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ ჩვენების მიცემის გამო ერთ-ერთ აღსაზრდელს უნივერსიტეტი დაატოვებინეს. 

"სახალხო დამცველის აპარატი იღებს შეტყობინებებს პანსიონის მოქმედი, თუ ყოფილი აღსაზრდელებისგან, რომ მათზე მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა, რომ არ მისცენ ჩვენებები სამართალდამცავ ორგანოებს.

დაგვიკავშირდა ყოფილი აღსაზრდელი, რომელიც ახლა ირიცხება ხიჭაურის უნივერსიტეტში, ისაა საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ.

მათი რეალური საცხოვრებელია ამ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი. პირმა განგვიცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა ჩვენების მიცემა, პოლიციიდან უკან დაბრუნებულს კი უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მოსთხოვა ტერიტორიის დატოვება. მან წუხანდელი ღამე გაათენა ადგილობრივი მოსახლის სახლში. დღესდღეობით, იგი ღია ცის ქვეშაა", - თქვა ლომჯარიამ. 

ომბუდსმენი, ასევე აღნიშნავს, რომ ასეთი ფაქტები დანაშაულის რისკებს შეიცავს და ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა. 

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ცნობით, ამ დრომდე ნინოწმინდის პანსიონატში რჩება 29 არასრულწლოვანი, სულ გამოყვანილია 24 ბავშვი. აღსაზრდელები ბიოლოგიურ ოჯახში, თუ სახელმწიფო ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში განთავსდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს, გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

სარჩელი სასამართლოში ორგანიზაცია PHR-მა შეიტანა. მათი განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვის უფლებებზე დავა მხოლოდ კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბავშვი შშმ პირია. სწორედ ამ კანონის საფუძველზე მიმართა სასამართლოს PHR-მა


close დახურვა