პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ნინოწმინდის პანსიონსა და გაეროს კომიტეტის დასკვნაზე საუბრისას ამბობს, რომ სახელმწიფო პასუხისმგებლობით უდგება ბავშვთა უფლებების დაცვას.
"გამოძიება არის შესაბამისი უწყებების საქმე. რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ვალდებულებას იზრუნოს ბავშვთა უფლებების დაცვაზე. მომავალშიც ამ სულისკვეთების გაგრძელდება მუშაობა. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, თუ რამე არის გამოსაძიებელი ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე", - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულებები, რადგან ნინოწმინდის პანსიოში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ არ ჩაერია და არ მიიღო ზომები. აღნიშნული პანსიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებული, დახურული ტიპის ბავშვთა სახლია.
კომიტეტმა საქართველოს მოსთხოვა უზრუნველყოს, მსხვერპლი ბავშვების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, ეფექტური ღონისძიებების გატარება. მათ შორის, ადეკვატური კომპენსაციის გაცემა და რეაბილიტაცია, ბოდიშის საჯაროდ მოხდა, სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფთა მდგომარეობის ხელახალი შეფასება, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება და პასუხისმგებელი პირების დასჯა. რეპარაციული ღონისძიებები კოორდინირებული უნდა იყოს მსხვერპლ ბავშვებთან, მათი შეხედულებების გათვალისწინების მიზნით.