logo
ENG



ომბუდსმენი: ჩვენი წარმომადგენელი სააკაშვილთან ციხეში შევა, ამის სურვილი აქვს კონსილიუმსაც

18 ნოე 202119:13
3 წუთის საკითხავი
 
ომბუდსმენი: ჩვენი წარმომადგენელი სააკაშვილთან ციხეში შევა, ამის სურვილი აქვს კონსილიუმსაც

სახალხო დამცველის განცხადებით, რამდენიმე წუთში მისი წარმომადგენელი მე-18 დაწესებულებაში შევა, ხოლო მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი გამოთქვეს კონსილიუმის ექიმებმაც.

ომბუდსმენის ცნობითვე, პარალელურად მიმდინარეობს სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრების შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან. 

18 ნოემბრის საღამოს ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მათ თვალწინ გონება დაკარგა. მას დამატებითი ინფორმაცია არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ პატიმარი ოთახიდან საკაცით გაიყვანეს. 

მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, რეანიმატოლოგის განცხადება კი მოგვიანებით გავრცელდება. 

***

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 

10 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ექსპრეზიდენტის ადვოკატების მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომა. ECHR-მა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ამასთან, მიუთითა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. 

სააკაშვილი ამბობს, რომ შიმშილობას გარკვეული პირობების საფუძველზე შეწყვეტს, ერთ-ერთი კი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა, სადაც რეაბილიტაციის გავლას სათანადოდ შეძლებს. მისი პირადი ექიმი და ადვოკატები აღნიშნავენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში სათანადო მკურნალობას ვერ იღებს, პაციენტის მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება. 

სახალხო დამცველმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის ექსპერტთა ჯგუფი შექმნა, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უნდობლობა უკვე გამოუცხადეს. 

კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, ისინი ერთხმად შეჯერდნენ იმაზე, რომ გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფო "ცუდად აღჭურვილი არ არის", თუმცა, ის მაინც არ არის მზად იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავს პაციენტს უმკურნალოს. ექსპერტებმა შეისწავლეს დაწესებულება, მისი აღჭურვილობა და პეროსნალსაც გაესაუბრნენ. 

"პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­დებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", - აღნიშნულია დასკვნაში.


close დახურვა