სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიმართავს პროკურატურას, 5 ივლისის საქმეზე ზურაბ მახარაძისა და მღვდელ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ დაიწყოს სისხლისამართლებრივი დევნა. მისივე განმარტებით, ბრალის წარდგენის სამართლებრივი საფუძვლები არსებობს.
"საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის ანუ ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა ორი პირის მიმართ წარდგენილ იქნას სისხლისსამართლებრივი დევნა, ერთის შემთხვევაში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მეორეს შემთხვევაში კი ძალადობრივი ქმედების საჯაროდ მოწოდების ფაქტზე", - აცხადებს ომბუდმენი.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, დევნის დაწყების მოთხოვნას საფუძვლად დაედო ვიდეომასალები, რომლითაც დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე, ალტ-ინფორს ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას თბილისი პრაიდის ღონისძიებაში მონაწილე პირთა და ჟურნალისტთა მიმართ.
"სახალხო დამცველის წინადადებაში დასაბუთებულია, რომ 5 ივლისამდე ზურაბ მახარაძე არამარტო აანონსებდა ძალადობას, არამედ, 5 ივლიის უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოს წინდ ადგმული კარვების გატანას და "სირცხვილიასა" და თბილისი პრაიდის ოფისების დარბევისთის ჯგუფების გამოყოფას", - ამბობს ნინო ლომჯარია.
მიისვე თქმით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადგინდა, რომ 5 ივლიის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა მიკროფონით მოუწოდა მოქალაქეებს ძალადობისკენ:
"იმ ვითარებაში გასცდა ის გამოხატვის თავისუფლებას და ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის აკრძალული ქმედება - ძალადობისკენ მოწოდება".
***
5 ივლისს თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისთვისა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის 30-მდე პირია დაკავებული, თუმცა არცერთი ორგანიზატორი.
ალტ-ინფოს პლატფორმიდან ვრცელდება ქსენოფობიური, ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილები.
5 ივლისის ღირსების მარშის ჩაშლისთვის, წამყვანები და სტუმრები ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.
აქციაზე მყოფი პირები ქალაქში დარბოდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებსა და გამვლელებს, ვინც გარეგნულად არ მოეწონებოდათ. ისინი შეიჭრნენ შენობაში, სადაც მოძრაობა სირცხვილიას ოფისი მდებარეობს და დაარბიეს ორგანიზაცია თბილისი პრაიდის ოფისიც.
სირცხვილიას ოფისთან ხალხის მობილიზება კონსტანტინე მორგოშიამ დაიწყო. მან რუსთაველზე შეკრებილებს მიმართა, რომ 500-600 კაცი გამოყოფილიყო, რომლებიც ინგოროყვას ქუჩაზე მივიდოდნენ. სწორედ სირცხვილიას ოფისთან დაესხნენ თავს TV პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტს, მირანდა ბაღათურიას. ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა. ოპერატორი 11 ივლისს სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილზე დირექტივების ერთ-ერთი გამცემი იყო ზურა მახარაძეც. პარლამენტის წინ კარვების აყრისკენ ხალხს სწორედ ის მოუწოდებდა.
რაც შეეხებათ მამა-შვილ ფალავანდიშვილებს, ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქციებში და ხალხსაც დარბევისკენ მოუწოდებდნენ. გურამ ფალავანდიშვილი არაერთხელ დამუქრებია ჟურნალისტებსაც.