სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, სადაც სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პრობლემაზე საუბრობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსახლეობის თქმით, სოფელში 280 სახლია და შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის მოპოვებითი 24 საათიანი სამუშაო საქმიანობის შედეგად, დაზიანებულია თითქმის ყველა საცხოვრებელი.
„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობას 2020 წლის 17 თებერვლიდან პროტესტის ნიშნად ბლოკირებული აქვს შუქრუთის მაღარო. სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბარში მოსახლეობამ განაცხადა, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის მოპოვებითი 24 საათიანი სამუშაო საქმიანობა საგრძნობ ზიანს აყენებს გარემოს და მათ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლებს, დამხმარე ნაგებობებს. სოფელში, სადაც 280 ოჯახი ცხოვრობს თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია. დაბზარულია საძირკველი, კედლები, იატაკი. რამდენიმე სახლი სრულად დაინგრა. ალაგ-ალაგ ჩავარდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები; საფრთხე შეექმნა საფლავებსაც.
"გარდა ამისა, მოსახლეობა მიუთითებს, რომ კომპანიის საქმიანობის შედეგად დაბინძურდა გარემო, გაიჩეხა ტყის მასივის გარკვეული ნაწილი; დაშრა ბუნებრივი წყაროს წყლები და ჭები; ნიადაგი მოუსავლიანი გახდა; გახმა ვაზი და სხვა მრავალწლოვანი ნარგავები. მიაჩნიათ, რომ კომპანია არარაციონალურად იყენებს ბუნებრივ რესურსებს. დამდგარი და მოსალოდნელი ზიანი საფრხეს უქმნის მოსახლეობის საკუთრებასა და ჯანსაღ გარემოს. პროტესტის ფორმას მოსახლეობამ რამდენჯერმე მიმართა გასულ წელს, თუმცა უშედეგოდ, რადგან კომპანიასთან მიღწეული სიტყვიერი შეთანხმებები არაერთხელ დაირღვა. ამჟამად მოსახლეობა არ აპირებს პროტესტის შეწყვეტას, სანამ მთელი სოფლის ზარალი არ შეფასდება და ყველა ოჯახს არ აუნაზღაურდება სრული ქონება (საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ნაგებობები, ნარგავები და სხვა).
"საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი, ზიანის გამომწვევი მიზეზების დადგენისა და კომპანიასთან შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმართვის მიზნით. ასევე, მოუწოდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრს უშუამდგომლოს შუქრუთის მოსახლეობას და პირადად ჩაერთოს კომპანიასთან მოლაპარაკებებში, რათა დაცული იყო მათი როგორც საკუთრების ასევე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება. სახალხო დამცველი საქმის შესწავლას აგრძელებს“.