logo
ENG



ომბუდსმენი შაქარაშვილის მშობლებს შეხვდა

13 ივლ 202022:55
3 წუთის საკითხავი
clock 484
6ydmdp1wmsjcj8w.jpg

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მშობლებს შეხვდა - ინფორმაციას ამის შესახებ ოჯახის ნათესავი, მირიან ნიკოლაძე ავრცელებს.

როგორც მირიან ნიკოლაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, შეხვედრა 40 წუთამდე გრძელდებოდა და შაქარაშვილის მშობლებმა დააფიქსირეს მათი პოზიცია, რომ ელოდებიან გამოძიების დასრულებას.

„სახალხო დამცველს შეხვდნენ გიორგი შაქარაშვილის მშობლები,დედა და მამა, ვესწრებოდი მეც. მათ დააფიქსირეს, რომ არანაირი უნდობლობა გამოძიების მიმართ არ არის და რომ ელოდებიან საბოლოო შედეგებს და საბოლოო პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებენ, ვგულისხმობ ბრალდებების წარდგენას იმ ადამიანების მიმართ, რომელზეც ცოტა ხნის წინ ოჯახმა გამოხატა პოზიცია.

ნომერი პირველი თხოვნა, რაც ჰქონდათ, იყო, რომ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი დაიცვას „მთავარი არხის“ მიერ განხორციელებული ბულინგისგან და სისტემატიური აგრესიისგან. ეს იყო დედის და მამის მთავარი მოთხოვნა“- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა დღეს გამოთქვა მზადყოფნა, შეხვედროდა გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახს და შემდეგ გადაეწყვიტა, რა ფორმით ჩაერთვება საქმეში.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა არაგვის ხეობაში, მცხეთის მიმდებარედ - გარდაცვლილი ფეხბურთელი 22 ივნისს იპოვეს მდინარე არაგვში.

მისი გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილი ასფიქსიით გარდაიცვალა, თუმცა მას დაზიანებები სიცოცხლეში ჰქონდა მიყენებული.


close დახურვა