logo
ENG



ომბუდსმენმა ნათია ზოიძის საქმეზე დარღვევა დაადგინა და პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდა

23 ოქტ 202022:54
3 წუთის საკითხავი
clock 538
ean9jdxbo89gjm7.jpg

ომბუდსმენმა აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, ნათია ზოიძის საქმეზე დარღვევა დაადგინა და პროკურატურას გამოძიების ეფექტიანად ჩატარებისკენ მოუწოდა. კერძოდ, სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს მიმართა წინადადებით, ნათია ზოიძის და კიდევ 2 ჟურნალისტის საქმეზე დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ნათია ზოიძემ გამოძიების დაწყების მოთხოვნით თავდაპირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს მიმართა და ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ქმედებებში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება მოითხოვა, ხოლო პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო და მიიჩნია, რომ არ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები. 

საიამ ნათია ზოიძის სახელით ასევე მიმართა სახალხო დამცველს და საკითხის შესწავლა სთხოვა.

"სახალხო დამცველმა საქმისწარმოების ფარგლებში მოპოვებული მასალების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი გიორგი კოხრეიძე ახორციელებდა საკუთარი თანამშრომლების შესაძლო დევნას განსხვავებული აზრის, კერძოდ, მათ მიერ მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე ღიად დაფიქსირებული კრიტიკული მოსაზრებების გამო. ამდენად, არსებობდა გამოძიების დაწყების სამართლებრივი საფუძველი", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

საია მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, უზრუნველყოს აღნიშნულ საქმეზე სახალხო დამცველის წინადადების შესრულება და ნათია ზოიძის საქმეზე ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება. 

2019 წლის გაზაფხულზე აჭარის ტელევიზიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს ქართული ოცნების წარდგინებით არჩეულმა მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა. კაპანაძის ნაცვლად, 2019 წლის ნოემბერში აჭარის მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძე  აირჩიეს.

სწორედ კოხრეიძემ გაათავისუფლა აჭარის ტელევიზიიდან ათეულობით თანამშრომელი და მათ შორის ნათია ზოიძეც.

2020 წლის 1 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ირენ ხანს და მედიის საკითხებზე ეუთოს წარმომადგენელს ჰარლემ დეზირს მიმართა.

ომბუდსმენის გაგზავნილ წერილებში, საქართველოს სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა აღნიშნული მანდატის მქონე პირებს ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენების შესწავლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე.  

 


close დახურვა