logo
ENG



ომბუდსმენმა აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებით გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებს მიმართა

01 სექ 202010:45
3 წუთის საკითხავი
 
7lgbvzskg1lrcs4.jpg

საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ გაეროს ახლადარჩეულ სპეციალურ მომხსენებელს ირენ ხანს და მედიის საკითხებზე ეუთოს წარმომადგენელს ჰარლემ დეზირს მიმართა.

ომბუდსმენის გაგზავნილ წერილებში, საქართველოს სახალხო დამცველი ინფორმაციას აწვდის აღნიშნული მანდატის მქონე პირებს ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენების შესწავლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედიაპლურალიზმს და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე.

სახალხო დამცველი გამოთქვამს ვარაუდს, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ისახავს მიზნად.

"საქართველოს სახალხო დამცველი ასევე ხაზს უსვამს, რომ კრიტიკული მნიშვნელობისაა ჩარევებისგან თავისუფალი საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა ქვეყანაში, განსაკუთრებით საარჩევნო წლის განმავლობაში. სპეციალურ მომხსენებლებთან გაგზავნილ წერილებში აღწერილ მოვლენებამდე, არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენდა მიუკერძოებელ ტელევიზიას, რომელიც საარჩევნო პროცესების გამჭირვალე და ბალანსირებული გაშუქებით გამოირჩეოდა.

ამასთან ერთად, წერილებში სახალხო დამცველი ეუთოს წარმომადგენელსა და გაეროს სპეციალურ მომხსენებელს თხოვნით მიმართავს დაინტერესდნენ წარმოდგენილი ინფორმაციით, საჯარო განცხადებით მიმართონ საქართველოს ხელისუფლებას, ან/და პირველივე შესაძლებლობისთანავე ოფიციალური ვიზიტით ეწვიონ საქართველოს, რათა ადგილზე შეისწავლონ წერილში აღწერილი გარემოებები. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ზემოაღნიშნულ საერთაშორისო მანდატის მქონე პირთა რეაგირება აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავისუფალი მედიის არსებობას ქვეყანაში", - ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებით უკვე რამდენჯერმე გამოხატა პოზიცია.

2019 წლის 5 დეკემბერს სახალხო დამცველმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში შეხვედრები გამართა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ჟურნალისტებს მათ საქმიანობაში და დაჰპირდა, რომ ყურადღებით დააკვირდებოდა ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს. 2020 წლის 24 აპრილს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის დირექტორს მაუწყებლის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების შრომითი უფლებების აღდგენის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა.

ხოლო 2020 წლის 10 ივნისს სახალხო დამცველმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსადმი წარადგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae). განსახილველი საქმე ეხება „სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლ(ებ)ის ინტერნეტში/სოციალურ ქსელებში ქცევის წესებს“, რომელიც სახალხო დამცველის შეფასებით, ქმნის მაუწყებლის თანამშრომელთა გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვის საფუძველს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2020 წლის 24 აგვისტოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის დირექტორს მაუწყებლის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების შრომითი უფლებების აღდგენის, ასევე მომავალში შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან თავის შეკავების რეკომენდაციით მიმართა.

2019 წლის გაზაფხულზე აჭარის ტელევიზიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს ქართული ოცნების წარდგინებით არჩეულმა მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა. კაპანაძის ნაცვლად, ნოემბერში აჭარის მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძე   აირჩიეს.

ნოემბრიდან ამ დრომდე გენერალურმა დირექტორმა 10-ზე მეტ თანამშრომელს  სამსახურებრივი პოზიცია შეუცვალა, ჩამოაქვეითა ან გაათავისუფლა. 

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობას ჟურნალისტების დევნაში ადანაშაულებენ.


close დახურვა