რუსი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის შარდში ალკოჰოლი და კოფეინი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Meduza.io ომსკის რეგიონის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, როგორც უწყებაში ამბობენ, პოლიტიკოსის ორგანიზმში შხამი არ აღმოჩნდა.
„დღეს უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოქსიბუტირატები, ბარბიტურატები, სტრიქნინი, კრუნჩხვის გამომწვევი ან სინთეტიკური შხამები არ გამოვლენილა. შარდში აღმოვაჩინეთ ალკოჰოლი და კოფეინი“, - აცხადებენ უწყებაში.
უწყებას არ დაუკონკრეტებია თუ რა რაოდენობის ალკოჰოლზეა საუბარი.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი ცუდად 20 აგვისტოს გახდა. ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, რა დროსაც თავი ცუდად იგრძნო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდაპირველად არსებობდა ვარაუდი, რომ ნავალნი მოწამლეს. პოლიტიკოსი გერმანიის კლინიკა "შარიტეში" დღეს გადაიყვანეს.
უფრო ვრცლად ნავალნის შესაძლო მოწამვლაზე წაიკითხეთ აქ.