განსხვავებული აზრის სისტემატიზირებული კონტროლის ინსტიტუციური მექანიზმი ინერგება, როგორც ჩანს. თუმცა, შინაარსი არახალია და მისი საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის, 2025 წელს შეიქმნა.
2025 წლის 6 თებერვალს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა 173(16) მუხლი - ის საფუძველი, რითაც საჯარო პირების შეურაცხყოფის მოტივით მოქალაქეებს ედავებოდა შსს.
სწორედ ამ ცვლილებებზე გააკეთა შეფასება ეუთო ოდირმა და მიუთითა, რომ იგი თვითნებური განმარტების საშუალებას იძლევა. მეტისმეტად ფართო და სუბიექტურია მითითება „სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ლანძღვა-გინებაზე, შეურაცხმყოფელ გადაკიდებასა ან/და სხვაგვარ შეურაცხმყოფელ ქმედებაზე“, რაიმე სახის შინაარსის აღწერის, განმარტების ან დარღვევის დამაფუძნებელი სხვა ელემენტების მოხმობის გარეშე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო პირებს კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით დიდი ვალდებულება აქვთ, ვიდრე რიგით ფიზიკურ პირებს.
პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს არ აქვთ პრივილეგია, ისარგებლონ გაძლიერებული დაცვით გამოხატული კრიტიკისგან.
შესაბამისად, დაანონსებული მექანიზმი ერთგვარი ცენზურის მექანიზმად გვევლინება, და, მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან.
