logo
ENG



ოპოზიცია NATO-ს წევრ ქვეყნებს მიმართავს განცხადებით, რომელსაც ოცნება ხელს არ აწერს

16 ივნ 202314:42
3 წუთის საკითხავი
 
ოპოზიცია NATO-ს წევრ ქვეყნებს მიმართავს განცხადებით, რომელსაც ოცნება ხელს არ აწერს
ვახო ქარელი/ფორმულა

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წევრები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები NATO-ს წევრ ქვეყნებს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ.

აღნიშნულზე განცხადება დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ მიუხედავად პაპუაშვილისთვის ინფორმაციის მიწოდებისა, პარლამენტის თავმჯდომარემ პოზიცია არ დააფიქსირა და NATO-ს წევრ ქვეყნებს წერილი მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატების ხელმოწერით გაიგზავნება.

დეპუტატების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ NATO-ს "ღია კარის" პოლიტიკა არის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის დემოკრატიულ გარდაქმნაში. ამასთან, აცხადებენ, რომ NATO-ს უელსის და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებით, საქართველოს NATO-ს წევრობისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ NATO-ს სამშვიდობო მისიებსა და ოპერაციებში მრავალრიცხოვანი და მრავალწლიანი მონაწილეობით - კოსოვო, ერაყი, ავღანეთი, საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია იყოს არა მხოლოდ ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმღები, არამედ მის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი.

"ერთიანი ვართ საქართველოს ნატოში გაწევრების მხარდაჭერაში და ვაცხადებთ შემდეგს:  

1. ვადასტურებთ, რომ ნატოს წევრობა არის საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, დემოკრატიის და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების უმთავრესი ინსტრუმენტი და ეფუძნება ერთსულოვან, ფართო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მხარდაჭერას;

2. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას თავისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ; მიგვაჩნია, რომ რუსეთის მიერ პროვოცირებული ომი არის საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ტერორისტული და ღია სამხედრო აგრესიის გაგრძელება; და სამომავლოდ საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული მშვიდობა ევროატლანტიკურ სივრცეში;

3. მივესალმებით ნატოს განახლებულ სტრატეგიულ კონცეფციას, რითაც დადასტურდა ორგანიზაციის “ღია კარის” პოლიტიკისადმი ერთგულება; გამეორებულ იქნა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება; და რუსეთს უარი ეთქვა შექმნას საკუთარი გავლენის სფეროები და დაამყაროს პირდაპირი კონტროლი მეზობლებზე „ძალადობის, სუბვერსიის, აგრესიისა და ანექსიის გზით“;

4. გამოვხატავთ მადლიერებას ალიანსისა და მისი წევრი სახელმწიფოებისადმი არსებითი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც ნატოს მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, გადაეცეს საქართველოს საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძლევა, საქართველომ გაზარდოს მუშაობა „მთლიანობის და მედეგობის შესაქმნელად, განავითაროს შესაძლებლობები და განამტკიცოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა“;

5. მივესალმებით ნატოს გადაწყვეტილებას გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე ფინეთის და უახლოეს მომავალში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ და მიგვაჩნია, რომ ეს ისტორიული პრეცედენტი გახდება მომავალი წევრების ნატოში გაწევრიანების პრაქტიკული განზომილება, მათ შორის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე;

6. ხაზგასმით აღვნიშნავთ ვილნიუსის სამიტზე და შემდგომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას საქართველოს ალიანსში გაწევრებასთან დაკავშირებით, და ამ მიზნით კონკრეტულ, პროცედურულ ნაბიჯებზე შეთანხმების აუცილებლობას;

7. გამოვხატავთ მზადყოფნას, გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი პლატფორმა, საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეების ჩათვლით, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინსვლას საბოლოო წევრობის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა