logo
ENG



ოცნებამ სულხან პაპაშვილს ყაზბეგში, ჰესის ასაშენებლად მიწები 49 წლით გადასცა

22 მაი 202620:13
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/22/u8lpujj7p3bfct3.png

2026 წლის 15 მაისის განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს "ქართული ოცნების" პრემიერი აწერს, მთავრობამ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში მდებარე სახელმწიფო საკუთრების ორი მიწის ნაკვეთი შპს "ლარსი ფაუერს" აღნაგობის უფლებით, 49 წლის ვადით გადასცა. აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი ელექტროსადგურის "ლარსი 2 ჰესის" მშენებლობასა და ექსპლუატაციას უკავშირდება.

კომპანია "ლარსი ფაუერსი" 2020 წელს დარეგისტრირდა და მისი წილის 100%-ის მფლობელი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილია.

მთავრობის განკარგულების თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა თანხმობა, კომპანიას სარგებლობაში გადასცეს დაბა სტეფანწმინდაში, დარიალის ხეობაში მდებარე ორი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის განმავლობაში, კომპანია ვალდებულია ყოველწლიურად, ქონების სარგებლობის საფასურის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში 79 457 ლარი გადაიხადოს.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული უძრავი ქონების გადაცემის მთავარი პირობა სწორედ "ლარსი 2 ჰესის" აშენება და მისი ექსპლუატაციაში მიღებაა.

ცნობისთვის, სულხან პაპაშვილის წარსულში ედუარდ შევარდნაძის დაცვის სამსახურის უფროსი იყო. გასულ წლებში "მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიებით, ცნობილი გახდა მის კავშირებზე ოფშორულ კომპანია ელგრინთან, რომელიც აზერბაიჯანული დენის იმპორტიორი იყო საქართველოში.


close დახურვა