logo
ENG



ოცნებამ უკრაინის საკითხზე ოპოზიციის მიერ მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაშალა

25 თებ 202211:14
3 წუთის საკითხავი
 

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩაშალა. უკრაინაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რიგგარეშე სხდომის გამართვას ოპოზიცია ითხოვდა, რომელზეც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც იბარებდა.

მოთხოვნას ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმაც, თუმცა მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მხრიდან სესიის მოწვევის მიზეზი "უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა".

რიგგარეშე სხდომის გახსნისთვის 76 დეპუტატის რეგისტრაციიაა საჭირო, ოცნების არმისვლით კი კვორუმი ვერ შედგება და შესაბამისად, სხდომა ჩაიშლება.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ რიგგარეშე სხდომის საკითხები პარლამენტის რეგლამენტს ეწინააღმდეგება.

"საპარლამენტო უმრავლესობამ წერილობით მომმართა და ამ მიზეზების აღწერასთან ერთად პარლამენტს აცნობა, რომ უმრავლესობის წევრი 82 დეპუტატიდან არცერთი არ დაესწრება სხდომას. შესაბამისად, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა დარჩენილია 61 დეპუტატი, არსებული მოცემულობით, თეორიულადაც გამორიცხულია სხდომის გახსნისთვის საჭირო 76 დეპუტატის მიერ რეგისტრაციის გავლა.

ასევე, აზრს მოკლებულია რეგისტრაციის პროცედურის გამართვაც. შესაბამისად, დღეს სხდომის გახსნის პროცედურები არ გაიმართება", - თქვა პაპუაშვილმა.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.


close დახურვა