საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას ხელს მოაწერს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.
"საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ ფორმატში, ეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა იქნება თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ ვდგავართ ერთად, მთელი ერი, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გვერდით. ახლა მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო", - თქვა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ უერთდება ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოწოდებას.
"მინდა გამოვუცხადო უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა. მინდა, პატივი მივაგო იმ უკრაინელ ჯარისკაცებს და მოქალაქეებს, რომლებიც შეეწირნენ დღეს თავიანთი ქვეყნის სუვერენობის დაცვას. მინდა შევუერთდე დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, პარლამენტში რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას ოპოზიცია ითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს ოპოზიციის მოთხოვნის პასუხად თქვა, რომ პარლამენტში საგანგებო სხდომის ჩანიშვნა საჭირო არაა.