logo
ENG



ოცნებამ 40 მილიონიც რომ გადაუხადოს ლობისტებს, შეთანხმების შესრულება მაინც მოუწევს-გოცირიძე

25 მაი 202012:24
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნების“ ლობისტების კრიტიკას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პასუხობენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ლობისტურ მომსახურებაში დახარჯული მილიონების მიუხედავად, მმართველ გუნდს 8 მარტის შეთანხმების შესრულება და პატიმრობაში მყოფი „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლება, მაინც მოუწევს.

„ეს არის გაფლანგული მილიონები, ფუჭი მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან და რაც უფრო სწრაფად შეასრულებენ ისინი 8 მარტის შეთანხმებას, დაუსვამენ წერტილს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას და მიიღებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მით ნაკლები თანხა დაეხარჯებათ ლობისტებში, ნაკლებ მილიონებს გაფლანგავენ და უკეთესი იმიჯი ექნება საქართველოს დასავლეთის ქვეყნებში“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მცდელობის მიუხედავად, მმართველი გუნდის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ავტორიტარული რეჟიმის აშენების უფლებას არავინ მისცემს.

„ოთხი მილიონი ლარია გადახდილი ამ წერილში. 4 კი არა 40 მილიონი ლარი რომ გადაუხადონ ლობისტებს, მაინც მოუწევს ხელისუფლებას შეთანხმების შესრულება. მოუწევს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რურუას გათავისუფლება და მოუწევს საარჩევნო ცვლილებების მიღება. არავინ მისცემს ივანიშვილს ევროპის შუაგულში ავტორიტარული რეჟიმის აშენების უფლებას“, - განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას, საკითხთან დაკავშირებით კომენტარი დღეს დეპუტატმა რომან კაკულიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების სწორი ინფორმირება მნიშვნელოვანია.

„მე მინდა მოვუწოდო ყველას, რომ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, მხოლოდ ამაშია გამოსავალი. ეს ეხება ყველას - ოპოზიციას, ხელისუფლებას, ჩვენს პარტნიორებს საზღვარგარეთ. საკონსტიტუციო ცვლილებები არის ყველას ინტერესებში. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს“, - განაცხადა კაკულიამ.


close დახურვა