ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის მომზადებაზე მათ მიერ წარდგენილმა ინიციატივამ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა, რადგან მას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და უკრაინის დელეგაციამ მხარი არ დაუჭირეს.
კერძოდ, ოცნებაში აღნიშნავენ, რომ სურდათ ინიციატივის დარეგისტრირება, რომ მომზადებულიყო საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია, თუმცა საკითხის გატანა არასაკმარისი მხარდაჭერის გამო ვერ მოხერხდა.
ოპოზიციიდან ქართული ოცნების დეპუტატის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ მომზადებულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს - გიორგი ბოტკოველმა, გიორგი ვაშაძემ, ანა წითლიძემ და თამარ კორძაიამ.
უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციას კვლავ "დესტრუქციულ ქმედებებში" ადანაშაულებს, უკრაინასთან მიმართებით კი ამბობს, რომ მათი არგუმენტი სანქციებთან მიმართებით, რის გამოც არ დაუჭირეს ინიციატივას მხარი "არც მტკიცებულებებით და არც ფაქტებით არ დადასტურდა".
ნაციონალურ მოძრაობაში მამუკა მდინარაძის განცხადებას რეზოლუციის ვერ მიღებასთან დაკავშირებით "მორიგ დეზინფორმაციას" უწოდებენ. პარტიაში აღნიშნავენ, რომ მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის ინიცირება ოპოზიციონერი წევრების გვერდის ავლით სცადა და ეს მცდელობა "წარუმატებელი აღმოჩნდა", რადგან ვერ მოიპოვა ევრონესტის ბიუროს წევრების მხარდაჭერა.
"ევრონესტის 110 წევრიდან (60 ევროპარლამენტარი, 50 მონაწილე ქვეყნების დეპუტატი) რეზოლუციის ინიცირებისთვის 10 წევრის ხელმოწერაა საჭირო, რაც მაკა ბოჭორიშვილმა ვერ შეაგროვა. რეზოლუციის ინიცირების მცდელობა ევრონესტის ბიუროზე ოპოზიციისგან დამოუკიდებლად ჩავარდა, რომელზეც საქართველოს მხოლოდ ქალბატონი ბოჭორიშვილი წარმოადგენს, ოპოზიციიდან კი არავინ.
ივანიშვილის პარტიის წარმომადგენელმა ვერ მოიპოვა ევროპელი კოლეგების მხარდაჭერა, იმ ანტიევროპული ნაბიჯების გამო, რასაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში, პირველ რიგში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დგამს", - აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში.