„ედისონ რისერჩის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობა (89%) არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.
მათგან 29% თქმით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდნენ, 17% - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 6% - „ევროპულ საქართველოს“, 4-4% კი, „ლეიბორისტულ პარტიას“ და „პატრიოტთა ალიანსს“.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 28%-ს ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა: „ლელო“ – 3%; „სამოქალაქო მოძრაობა“, „ახალი საქართველოსთვის“ და „დემოკრატიული მოძრაობა“ – 2-2%; „გირჩი“, „თავისუფალი საქართველო“, პარტია „სამართლიანობისთვის“ და „გამარჯვებული საქართველო“ – 1-1%; „რესპუბლიკური პარტია“ – 0%.
ჯამში „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობის ფარგლებში 6 გამოკითხვა და საარჩევნოდ ეგზიტპოლი ჩატარდება. დღეს წარმოდგენილი კვლევა პირისპირ გამოკითხვის მეთოდითაა ჩატარებული, შესაძლო ცდომილება 2.2%-ია - 95%-იანი სანდოობის დონისთვის.