logo
ENG



ოცნებიდან წასული დეპუტატები პარტიას ქმნიან და არჩევნებისთვის ემზადებიან

02 ივნ 202014:08
3 წუთის საკითხავი
 

რა ფორმით მიიღებს ოპოზიცა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას - ხელისუფლების ოპონენტების გეგმა ამ დრომდე უცნობია. გაურკვეველია ისიც, ოპოზიციური პარტიები კონკურენციაში ერთმანეთთან შევლენ, თუ ერთობლივი ძალით „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდებიან. 

აქამდე ცნობილი იყო, რომ მხოლოდ „ლელო“ არ შეუერთდებოდა გაერთიანებულ ოპოზიციას. თუმცა, ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, რომ შესაძლოა, მაჟორიტარების საკითხში  პოზიცია ერთიანი არ არის.

„ლელოს“ დამფუძნებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პარტიას ყველა მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატი ეყოლება.

„ჩვენი გეგმა არის, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში ლელოს ჰყავდეს ძლიერი მაჟორიტარი კანდიდატი. ახალი სისტემა თუ იქნა მიღებული და იმედია მიიღებენ, იქნება 30 მაჟორიტარული ოლქი და გვეყოლება 30 ძლიერი მაჟორიტარობის კანდიდატი. ჩვენ გამოვდივართ როგორც დამოუკიდებელი ძალა“, - აცხადებს ჯაფარიძე.

როგორც „ქრისტიან-კონსერვატიული“ პარტიის ლიდერი შოთა მალაშხია აცხადებს, ამ ეტაპზე, მთავარია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთი არ დააზიანონ.

„ეს სიტუაცია ბოლომდე უნდა იქნეს ჩამოყალიბდეს სულ ყველაფერი და ამ გაერთიანებულ ოპოზიციას ეყოლება თავისი პრემიერობის კანდიდატი. წესით ეყოლება თავისი მინისტრთა კაბინეტი, მაგრამ ეს უნდა იყოს არჩევნებთან ახლოს, როდესაც საზოგადოებას ეცოდინება თითოეული პიროვნების რეიტინგი, მაგრამ ამ ეტაპზე უნდა ვილაპრაკოთ საარჩევნო სისტემაზე, ამ ეტაპზე უნდა ვილაპარაკოთ მაჟორიტარების დაკომპლექტებაზე და ამ ეტაპზე უნდა ვილაპარაკოთ ისეთ ურთერთობაზე ოპოზიციურ პარტიებზე, რომ არ დავაზარალოთ ერთმანეთი და მაოხრებელი გზირი ქვეყანას ჩამოვაშოროთ“, - განაცხადა მალაშხიამ.

პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი კი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში მრავლაფეროვნება უფრო მეტ შედეგს მოიტანს.

„არ ვიცი რამდენად სწორია ოპოზიციის ტაქტიკა, რომ ერთი-ერთზე მოხდეს არჩევნების პოლარიზება. მრავალფეროვნება ქართული პოლიტიკისთვის უფრო მეტი შედეგის მომტანია. ძალიან ბევრი ქვეყნის პოლიტიკური ორგანიზაცია წინასწარ აცხადებს ვინ არის მისი პირველი ნომერი და ეს პირველი ნომერი შემდეგში არის პრემიერობის კანდიდატი. ან შემდგომში ოპოზიციური უმცირესობის ლიდერია პარლამენტში, ეს პასუხისმგებლობის მკაფიო წარმოჩენის მაგალითს იძლევა“, - აცხადებს ცქიტიშვილი.

გარდა ამისა, „ფორმულას“ ინფორმაციით, პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები ქმნიან პარტიას და საპარლამენტო არჩევნებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ საპატიმროდან „მთავარი არხის“ მეწილეს გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მმართველი გუნდის წევრები კი ოპოზიციას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მაინც მიიღებენ.

 

 


close დახურვა