ქართული ოცნების წევრი რატი იონათამიშვილი აშშ-ის ყოფილი ელჩის კრიტიკას ეხმაურება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე და ელჩის განცხადებას "ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას" უწოდებს.
აშშ-ის ყოფილმა ელჩმა განაცხადა, რომ "ზედოზირების ბრალდებას ავტოკრატიული მთავრობები იყენებენ", რაზეც რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ეს ელჩის მხრიდან "უპასუხისმგებლო განცხადებაა".
ქართული ოცნების დეპუტატი მოუწოდებს ყოფილ ელჩს, "განცხადებები უფრო მაღალი პასუხისმგებლობით გააკეთოს".
„დამეთანხმებით, რომ ყოფილ ელჩს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ის წარსულში მსახურობდა. მას ეკისრება პასუხისმგებლობა, რაიმე მოვლენაზე მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებამდე, მოიძიოს ყველა ინფორმაცია ამ მოვლენის შესახებ...როდესაც ამ ყველაფრით არ ინტერესდები და აშშ-ის ყოფილი ელჩი უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებ, ეს ღრმა შეშფოთებას იმსახურებს.
მოვუწოდებ უილიამ კორტნის, მოერიდოს ქვეყნის შიდა საქმეებში ასეთი უხეში ფორმით ჩარევას და მომავალში განცხადებები უფრო მაღალი პასუხისმგებლობით გააკეთოს", - წერს რატი იონათამიშვილი Facebook-ში.
აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უილიამ კორტნიმ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირების დასახელება ყალბ ბრალდებას ჰგავს. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დასავლურ ორიენტაციას გარკვეულწილად შორდება.