ქართული ოცნების ახალწვეული დეპუტატი და პარტიის რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში ახალი საქართველოს ყოფილ თავმჯდომარეს გოგი წულაიას აგინებს და სხვა ფეისბუქმომხმარებლებსაც იმავესკენ მოუწოდებს.
ფეისბუქპოსტში პარლამენტის დეპუტატმა სხვა ფეისბუქმომხმარებლებს მიმართა და განაცხადა, რომ გოგი წულაიას არშემგინებლები "დორბლიანი ნაცები" არიან, თავისივე პოსტის კომენტარებში კი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აგინა.
"ვინც მაგას არ შეაგინოს, ის იყოს დორბლიანი ნაცი! ის იყოს გვარამია და სააკაშვილი! ის იყოს არა ქუთაისელი", - წერს სამხარაძე წულაიაზე, - "კომენტარებში შევაგინებ".
სამხარაძის მოწოდების შესაბამისად, დეპუტატის ფეისბუქმიმდევრები და მეგობრები მისივე პოსტის კომენტარებში წულაიას უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებენ და აგინებენ.
წულაია ხელისუფლების ოპონენტია და მმართველი გუნდის წინააღმდეგ აქტივისტურ და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, წულაიამ დღეს მედიასთან ბერას მიმართ კრიტიკული კომენტარი გააკეთა და მას "გაუბედურებული ადამიანი" უწოდა.