ოცნების პროპაგანდისტული ბანერების ჩამოხსნაში აქტივისტებისთვის ხელის შეშლა ისევ სცადეს.
აქტივისტები თბილისის სხვადასხვა ადგილას ოცნების ბანერების ნაცვლად, ახალი საინფორმაციო სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ, რა დროსაც, მათთან რამდენიმე ადამიანი მივიდა და ხელის შეშლა სცადა. აქტივისტების თქმით, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, თავდამსხმელების ნაწილი კი მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები იყვნენ.
ადგილზე პოლიციაც იყო მობილიზებული.
"ვხევდით ბანერებს, რაც Facebook-მა და სოციალურმა ქსელმა დაბლოკა და გამოაცხადა როგორც დეზინფორმაცია. მოვიდნენ, დაიწყეს აგრესიული ლაპარაკი. ეს უკვე მეორედ მოხდა. იმდენად ღიზიანდებიან ამ ბანერის დახევაზე, რომ ქართული ოცნების აქტივისტებს ღამე მანქანით აკატავებენ, რომ სადმე თუ დაინახეთ ვინმე ხევსო, მოდით აუცილებლად და ადგილზე გაანადგურეთო. უბრალოდ ამჯერად ხელით არ შეგვხებიან. ახლა ცდილობენ, რომ ხელით არ შეგვეხონ, იმიტომ, რომ იურიდიულად მაინც რამე პრობლემა არ ჰქონდეთ", - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი სანდრო ქინქლაძე.
ეს პირველი შემთხვევაა არაა, რაც მოქალაქეებს ოცნების პროპაგანდისტული ბანერების ჩამოხსნის საშუალებას არ აძლევენ. წინა შემთხვევისას, აქტივისტები ამბობდნენ, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი აქტივისტს ფიზიკურადაც დაუპირისპირდა, მათ შორის პოლიციის თვალწინაც.