logo
ENG



ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა ლევან ბეჟაშვილსაც დაატოვებინა

29 აპრ 202410:24
3 წუთის საკითხავი
 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომა, სადაც მეორე მოსმენით განიხილავენ რუსულ კანონს, კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს - ლევან ბეჟაშვილს დაატოვებინა.

"ბატონო ლევან, ვერ იცავთ წესრიგს? დატოვეთ სხდომათა დარბაზი, ბატონო ლევან. დაარღვიეთ რეგლამენტი, მიკროფონის გარეშე საუბარი. რამდენჯერმე გთხოვეთ, გაგაფრთხილეთ, დატოვეთ დარბაზი. ამ წამოძახილებს დაანებეთ თავი, საბავშვო ბაღში თქვენ მიგაჩნიათ თავი და ეგ არის ცუდი, რომ ვერ აღიქვამთ, სად ხართ. წამოძახილებს თავი დაანებეთ", - მიმართა ოხანაშვილმა ბეჟაშვილს.

დარბაზის დატოვების შემდეგ ლევან ბეჟაშვილმა თქვა, რომ ქართულ ოცნებას არ სურს შენიშვნების მოსმენა და სურთ, რაც შეიძლება მალე, დარბაზი ყველა დეპუტატს დაატოვებინონ, რათა მიიღონ კანონი და გავიდნენ კონტრაქციაზე.

"მათ არ სურთ შენიშვნების მოსმენა, აქვთ პირდაპირი მოსმენა, რაც შეიძლება მალე ყველა დეპუტატი გააძევონ, დაასრულონ სხდომა და შემდგომ უკვე კონტრაქციაზე გავიდნენ, ეს არის მათი ამოცანა. ეს ადამიანები არიან მხოლოდ ერთი მიზნისთვის - ხელისუფლება განამტკიცონ, რუსული კანონები მიიღონ და ჩვენ საზოგადოებამ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ეს ხალხი გასულია კონსტიტუციური სფეროდან. მათთვის ივანიშვილი და რუსული დირექტივები არის ხელისუფლების წყარო", - თქვა ბეჟაშვილმა.

რამდენიმე წუთით ადრე, სხდომათა დარბაზი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძესაც დაატოვებინა და თქვა, რომ თუ "სხდომის ჩაშლის მცდელობა იქნება", რეგლამენტის ყველა პროცედურას გამოიყენებს. 

ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავს. 


close დახურვა