logo
ENG



პანდემიასთან თანაცხოვრების ორი თვე და მასთან ბრძოლის ქართული ალგორითმი

26 აპრ 202021:19
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის გავრცელების შეფერხება და მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობა მსოფლიოში ყველა მთავრობისთვის უმთავრესი გამოწვევაა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის პირველი ფაქტის დადასტურებიდან 2 თვე გავიდა. საკოორდინაციო საბჭოს შექმნიდან კი - 3. საკოორდინაციო საბჭოში შეზღუდვების გახანგრძლივებას ისევ ჯანდაცვის სისტემის მომზადებით ხსნიან.  

კარანტინში მყოფი 5 ათასი ადამიანის, 485 ინფიცირებულის და ვირუსის შიდაგადაცემის ფონზე, ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული დათვლებით, ქვეყნის მასშტაბით ჰოსპიტალურ სექტორს დაახლოებით 2 ათასი დაინფიცირებული პაციენტის ხარისხიანი მკურნალობის რესურსი აქვს.

მინისტრის მიერ დასახელებული რესურსების და სასუნთქი აპარატების მნიშვნელოვანი ნაწილი ისედაც დაკავებულია არაკოვიდინფიცირებული პაციენტების მიერ, რაც პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს. ახლა მთავარი კითხვაა - რა გაკეთდა ჯანდაცვის სექტორის გასაძლიერებლად? როგორ გამოიყენა ხელისუფლებამ ქვეყანაში მოსალოდნელ პიკამდე სხვადასხვა მკაცრი შეზღუდვებით მოგებული რამდენიმე თვე?

კოვიდქრონოლოგია ასეთია:

ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად საკოორდინაციო საბჭო პირველად 28 იანვარს შეიკრიბა. საბჭოს შექმნიდან ქვეყანაში კოვიდინფიცირების დადასტურებულ პირველ შემთხვევამდე დაახლოებით 1 თვე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლების ნაბიჯებია ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენების შეჩერება და საზღვრებზე თერმოსკრინინგის დაწყება. პირველ ეტაპზე თერმოსკრინინგმა გაამართლა და 26 თებერვალს ირანიდან სახმელეთო საზღვრით შემოსულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. პარალელურად, იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ იტალიასთან ფრენების შეჩერება არ იჩქარა და არც ჩამოსული მგზავრების ტესტირება დაიწყო. აეროპორტში გრძელდებოდა თერმოსკრინინგი, თუმცა მეორე შემთხვევისას, იტალიიდან ჩამოსულ მგზავრს სიცხე არ დაუფიქსირდა და ტემპერატურამ მოგვიანებით აუწია. ამის შემდეგ ის თავად მივიდა ინფექციურ საავადმყოფოში და 28 თებერვალს კოვიდ-19 დაუდასტურდა. იმავე სცენარით განვითარდა სიტუაცია #4 პაციენტთანაც. იტალიიდან ჩამოსული კიდევ ერთი პირი სიმპტომების არარსებობის გამო, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ სამსახურში მივიდა და შეხვედრები გამართა. ამის შემდეგ იტალიის კლასტერებმა ზრდა დაიწყო.

შემთხვევებმა აჩვენა, რომ აეროპორტებში სიცხის გაზომვა, ე.წ. თერმოსკრინინგი სასურველ შედეგს ვერ იძლეოდა, მთავრობის გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია და 6 მარტს იტალიასთან ფრენები შეწყვიტა. მხოლოდ ამის შემდეგ დაწესდა სავალდებულო კარანტინი მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული პირებისთვის, ტესტირების საკითხი კი, კვლავ ბუნდოვანი დარჩა.

21 მარტს ვირუსის გავრცელების შეფერხება ჯანდაცვის სისტემის მოსამზადებლად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების მიზეზი გახდა. მეორე დღეს სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. მთავრობამ მარნეულსა და ბოლნისში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დააწესა. მიზეზი ვირუსის შიდა გავრცელება იყო. 60 წლის ქალს კოვიდ-19 დაუდასტურდა, ეპიდემიოლოგების შემდეგ კი, კვლევის პირველ ეტაპზე მისი ასამდე კონტაქტი დადგინდა. პაციენტი მარნეულის კლინიკაში 18 მარტს მწვავე პნევმონიით შევიდა. მოგზაურობის ისტორიის არქონის გამო, ექიმებმა კორონავირუსზე ეჭვი მხოლოდ მას შემდეგ შეიტანეს, რაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. მედიკოსები ეჭვი გამართლდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ამ შემთხვევამ ტესტირების საკითხი კვლავ გაააქტიურა. ჟურნალისტის კითხვას - ხომ არ დაგვიანდა მარნეულში ჰოსპიტალიზებული პაციენტის ტესტირება, პრემიერმა ასე უპასუხა - „არა, არ დაგვიანდა. თქვენ ამ კითხვას რომ სვამთ, წარმოდგენა არ გაქვთ, როგორი იყო მარნეულის ქეისის განვითარება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, სწრაფი ტესტები არ არის პანაცეა“.

სწრაფი ტესტები რომ პანაცეა არ არის, ფაქტია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ დაგვიანებული ტესტირება ქვეყანაში ახალი - ქობულეთის კლასტერის - გაჩენის მიზეზი გახდა. 4 აპრილს 55 წლამდე ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მუცლის მწვავე ტკივილით ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა ეროვნული პროტოკოლით გათვალისწინებულ შემთხვევებს არ შეესაბამებოდა და მისთვის კორონავირუსის ტესტი დროულად არ ჩაუტარებიათ. პაციენტი სახლში გაწერეს, თუმცა იმავე საღამოს სასწრაფო დახმარების ბრიგადის ხელმეორედ გამოძახება გახდა საჭირო. პაციენტი ამჯერად სხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ექიმები უკვე კორონავირუსით ინფიცირებას ვარაუდობდნენ. ბოლნისის მსგავსად, ვარაუდი ამ შემთხვევაშიც გამართლდა. ვირუსის დადასტურების შემდეგ, ნიმუშები აუღეს პაციენტის მამასაც, რომელიც მანამდე სამჯერ იმყოფებოდა ქობულეთის კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით. კოვიდ-19-ზე მისი პასუხიც დადებითი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ქობულეთის რამდენიმე სოფელიც ჩაიკეტა.

როგორც ირკვევა ტესტირების საკითხი ერთადერთი არ არის, რაც ჯანდაცვის სამინისტროსთვის ორი თვის განმავლობაში პრობლემად რჩებოდა. მეორე ეტაპი უკვე დადასტურებულ შემთხვევებში ინფიცირებული პაციენტების რეგიონულ  კლინიკებში მკურნალობა იყო.

ფაქტია, რომ ჯერ კიდევ ჰოსპიტალურ სექტორზე დაბალი დატვირთვის დროს, ჯამში, დადასტურებული 485 შემთხვევიდან 45 მედპერსონალია. დღეს თეთრიწყაროში კლინიკის თანამშრომლების დასნებოვნება და ახალი კლასტერის გაჩენა კი ცხადყოფს, რომ სისტემაში პერსონალის გადამზადების მხრივ ხარვეზებია. მედიკოსების ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ქვემო ქართლში, აჭარასა და თბილისში, რაც დედაქალაქში ჰოსპიტალური სექტორიდან 2 კლინიკის გათიშვის მიზეზი გახდა.

როგორც ირკვევა, მკაცრი კარანტინი და ეპიდემიოლოგების მიერ ჰოსპიტალური სექტორისთვის მოგებული დრო ჯანდაცვის სფეროში პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. დარგის ექსპერტები საუბრობენ, რომ ერთეული შემთხვევების გარდა, სახელმწიფოს მხრიდან მედპერსონალის გადამზადების სისტემური და ორგანიზებული წვრთნის პროცესი, არ ჩატარებულა.

მედიცინის მუშაკები დღეს რომ ყველაზე ღირებული რესურსია პანდემიასთან საბრძოლველად, უდავოა. ცხადია, რომ ისინი ყველაზე მოწყვლადებიც არიან. პლანეტის ახალ გამოწვევას ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი მცირე შეიარაღებით შეხვდა და ორი თვის შემდეგაც კვლავ ბევრი კითხვის ნიშანია.

წამლისა და ვაქცინის პერსპექტივა ახლო მომავალში ჯერ კიდევ არ ჩანს. როგორც დაწესებული შეზღუდვებიდან ირკვევა, ჩვენი მედიკოსებისა და წინა ხაზის თავდადებული შრომის მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემაში პრობლემები სამი თვის შემდეგაც მოუგვარებელია. 


close დახურვა