ფრანგ-ირანელი მწერალი, ილუსტრატორი და გრაფიკული რომანების ავტორი მარჯან სატრაპი, რომელიც ყველაზე მეტად ნაწარმოებით „პერსეპოლისი“ არის ცნობილი, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი ოჯახის წევრების განცხადებით, სატრაპი „სევდამ იმსხვერპლა“ - მეუღლის, შვედი პროდიუსერის, მსახიობისა და სცენარისტის, მატიას რიპას გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ. რიპა 2025 წლის 8 აპრილს გარდაიცვალა.
მარჯან სატრაპი ირანის თეოკრატიული ხელისუფლების აქტიური კრიტიკოსი იყო. ის საფრანგეთში 1994 წელს გადავიდა, ხოლო 2006 წელს საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.
მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, „პერსეპოლისი“, ავტორის ბავშვობასა და ახალგაზრდობას აღწერს თეირანში, 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, და მოგვითხრობს ევროპაში ემიგრაციაში წასვლის შესახებ. წიგნის მიხედვით მოგვიანებით ამავე სახელწოდების ანიმაციური ფილმიც შეიქმნა.
გასულ წელს სატრაპიმ უარი თქვა საფრანგეთის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე და ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის ირანის მიმართ პოლიტიკისა და სავიზო შეზღუდვების კრიტიკით ახსნა.
