logo
ENG



პანდემია ვერ გააქრობს პროტესტს - სამოქალაქო აქტივისტები ანას ბაღის აქციაზე

23 მაი 202017:53
3 წუთის საკითხავი
clock 647

ანას ბაღის მცველების აქციას შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც - მათი თქმით, ანას ბაღის ტერიტორიაზე მშენებლობა უკანონოა და არ ემსახურება მოსახლეობის ინეტერსებს.

გიგა მაქარაშვილის თქმით, სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის იქნება იქ, სადაც მოსახლეობა სამართლიან პროტესტს გამოთქვამს. მისივე აზრით, მმართველი ძალის მხრიდან კრიტიკა მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ პროტესტი სწორ გზაზე დგას.

„საქმე ისაა, რომ პანდემია ვერ გააქრობს პროტესტს. ეს არის პირველი დღე, როცა შესაძლებელი აგხდა აქციის მოწყობა და ანას ბაღის გადასარჩენად შევიკრიბეთ. მათი პროტესტი არის ჯანსაღი და ბოლომდე ვიქნებით მათთან. როცა გასაპროტესტებელი იქნება, სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის გამოვა. რადგან პოლიტიკოსებივით გოიმებს ვერ გვეძახიან, დაგვიძახეს უსაქმურები, კრიტიკა მათი მხრიდან ნორმალურია, ესე იგი სწორ გზაზე ვდგავართ", - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ამბობს, რომ მთავრობას აქვს ტაქტიკა, მოახდინოს პროტესტის და პროტესტანტთა დისკრედიტაცია - სწორედ ამით ხსნის ის კალაძის განცხადებას, რომ ანას ბაღის მცველები "უსაქმურები არიან".

„უსაქმურები და გოიმები - მთავრობამ ახალი კამპანია დანერგა, რომ მოსახლეობას, რომლის არჩეულებიც არიან - იმის ნაცვლად, რომ არგუმენტებით გველაპარაკონ, გვეძახიან გოიმებს. ეს მდაბიოობა - მათ ენაზე რომ არ ვილაპარაკო. იგივე ხდება დიღმის ჭალებში. ამ მთავრობასთან არაფერს აზრი არ აქვს - ისინი უნდა გავყაროთ და ავირჩიოთ მთავრობა, ვისთანაც ლაპარაკს აზრი ექნება", - აცხადებს ნატა ფერაძე.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის მოსახლეობა ანას ბაღის მიმდინარე ტერიტორიაზე მშენებლობას უკვე სამი წელია, აპროტესტებს. საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ ანას ბაღის მცველებმა მერიის წინ აქცია გამართეს. თბილისის მერმა მშენებლობის გამპროტესტებელ მოსახლეობას უსაქმური უწოდა და განაცხადა, რომ ანას ბაღს საფრთხე არ ემუქრება.


close დახურვა