logo
ENG



პანდემიის პირველი ეტაპი გერმანიაში დასრულებულია - ქვეყანა შეზღუდვებს ამსუბუქებს

06 მაი 202020:46
3 წუთის საკითხავი
 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ ბრიტანული პარლამენტის წინაშე პირველად გამოვიდა. საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრის მთავარი თემა საკარანტინე ზომების შემსუბუქებაა. პარლამენტი სამეტაპიან გეგმაზე მუშაობს. პირველი ტალღა მცირე ზომის მაღაზიების გახსნას გულისხმობს, მეორე შოპინგ-მოლების, ყველაზე ბოლოს კი ლუდის ბარები, რესტორნები და სასტუმროები ამუშავდება. თუმცა პრემიერი შიშობს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებას შესაძლოა დაავადების მეორე ტალღა მოჰყვეს. 

თანამდებობიდან გადადგა ბრიტანეთის წამყვანი ეპიდემიოლოგი, რომელიც ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო ნორმების ინიციატორი იყო. ნილ ფერგიუსონმა ექსპერტთა სამთავრობო საბჭო მას შემდეგ დატოვა, რაც გაირკვა რომ იზოლაციის რეჟიმი რამდენჯერმე თვითონ დაარღვია და მეგობარ ქალს შეხვდა. 

ვირუსის შემთხვევები მატულობს რუსეთში, სადაც ერთ დღეში კიდევ 10 ათას 559 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის კორონავირუსით ქვეყანაში 165 ათას 900 ზე მეტი ადამიანია დაავადებული. ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ შეზღუდვების მოხსნისას აჩქარებამ შესაძლოა ქვეყანა ჩიხში შეიყვანოს. 

შეზღუდვებს კიდევ უფრო ამსუბუქებს გერმანია. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა 5 ივნისამდე გაგრძელდება, გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება. ამუშავდება მაღაზიები და სკოლები, დასაშვები იქნება ოჯახების შეკრება. მაისის მეორე ნახევრიდან ფედერალური ლიგის თამაშები აღდგება, თუმცა მაყურებლის დასწრება აკრძალული იქნება.

მარტის შემდეგ მოედნებზე პირველად გავიდნენ ლა ლიგას ვარსკვლავები. „ბარსასა“ და „რეალ მადრიდის“ მოთამაშეებს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს. პასუხების მიღების შემდეგ ისინი წრთვნას განაახლებენ, ივნისიდან კი თამაშები დაიწყება. ესპანეთში მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. გაიხსნა მაღაზიებიც, თუმცა მათი მფლობელები ამბობენ, რომ კლიენტების რაოდენობა საფრთხის გამო ძალიან დაბალია. 

1 ივნისამდე არ გაიხსნება ბარები და რესტორნები იტალიაში. მილანში მოქმედი ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ 7 ათასი დაწესებულებიდან კრიზისისგან თავის დაღწევას მხოლოდ 2 ათასი შეძლებს. ბარების მფლობელებმა ქალაქის ცენტრში აქცია მოაწყეს . ისინი ამბობენ, რომ 24 თებერვლის შემდეგ შემოსავალი არ ჰქონიათ და ხელისუფლებას გადასახადების შემცირებას თხოვენ.


close დახურვა