logo
ENG



პანიკა ზედმეტია, მარაგები არსებობს - დისტრიბუტორთა ასოციაცია

14 მარ 202022:40
3 წუთის საკითხავი
 

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებობს სურსათის მარაგები და პანიკის შექმნა საჭირო არაა.

როგორც ჭყონიამ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა, ლარის გაუფასურების მიზეზი პროდუქტზე არაადეკვატურად გაზრდილი მოთხოვნაა. მან მოსახლეობას მოუწოდა, სოციალურ ქსელებში რიგების ამსახველი ფოტოები არ გაავრცელონ.

„პანიკა ზედმეტია - მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, მარაგები არსებობს, იმპორტი არ შეფერხებულა. ერთ-ერთი ფაქტორი პანიკაა, რაც იწვევს ლარის დევალვაციას - თითქმის 25 პუნქტით გაუფასურდა ლარი. ასე შეიძლება მივიღოთ გაძვირებელი ფასები, რადგან მოთხოვნაა გაზრდილი. ტვირთების გადაადგილება არაა შეზღუდული - საუბარია მოსახლეობის მიმოსვლის შეზღუდვაზე. უნდა ავიღოთ სოციალური პასუხისმგებლობა. მარაგებს რომ აკეთებენ, აქედან გამომდინარეა ლარის გაუფასურება - მოთხოვნა იზრდება უცხოურ ვალუტაზე. პირველად მოხმარების პროდუქტები არ არის ადგილობრივი წარმოების და რაც ხდება, არის ხელოვნურად შექმნილი დეფიციტი. არ მინდა დავასახელო, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ მიზანმიმართულად ერთი ჰიპერმარკეტი საკუთარ რეკლამასაც აკეთებს, როცა ფოტოებს ავრცელებენ. ნუ აჩვენებთ სოციალური ქსელებით ამ ფოტოებს. არ არის ამ პანიკის საფუძველი", - განაცხადა ივა ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში რამდენიმე კვირაა ვრცელდება ჰიპერმარკეტების სალაროებთან რიგების ამსახველი ფოტოები. ამავდროულად, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა.


close დახურვა