logo
ENG



პაპუაშვილი: არასწორად იქცევა უკრაინის ხელისუფლება, კაპრიზზე არ ეწყობა ქვეყნების ურთიერთობა

07 ივლ 202310:36
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოსთან მიმართებით "წინააღმდეგობების გზა" აირჩია. პაპუაშვილის თქმით, "ერებს შორის ურთიერთობის ერთ ადამიანზე გადაკიდება სამწუხაროა" და კვლავ იმეორებს, რომ ეს "უპირველეს ყოვლისა, უკრაინის ხელისუფლებას არ წაადგება".

"ჩვენ, უპირველეს ყოვლისა ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი უკრაინელი დების და ძმების წინაშე და ეს არ ის ის მეგობრობა, რომელსაც საქართველო ყოველთვის აჩვენებდა უკრაინას და განსაკუთრებით, ამ მძიმე წუთებში, რომელიც უკრაინას აქვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა სხვა გზა აირჩია, არა მეგობრობის დაფასების და მეგობრობის ჩვენების გზა, არამედ აირჩია გზა გარკვეული წინააღმდეგობის იმ მხრივ, როდესაც ერთ ადამიანზე ჰკიდებენ მთელი ერების ურთიერთობას თავისი გადმოსახედიდან, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა და უპირველეს ყოვლისა, არ წაადგება თავად უკრაინის ხელისუფლებას. ვთქვი გუშინაც, რომ გადაწყვეტილება, რაც მოვისმინეთ, თავად უკრაინისთვისაა დამაზიანებელი, ვინაიდან პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაში, კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული სტრასბურგის გადაწყვეტილება და უკრაინას, რომელსაც დღეს ომი აქვს მოსაგები, მათ შორის სამართლებრივი ომი აქვს მოსაგები, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სტრასბურგის გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება დააზიანებს უკრაინის ხელისუფლების დამაჯერებლობას და ეს საზიანოა მათთვის", - აცხადებს პაპუაშვილი.

პაპუაშვილი კვლავ აცხადებს, რომ საქართველოსთან მიმართებით უკრაინის ხელისუფლება "არასწორად იქცევა". ის ამბობს, რომ "ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობა "კაპრიზებზე არ ეწყობა".

"დღეს უკრაინა არის ომში, ომში მყოფ უკრაინელ ხალხს სჭირდება დახმარება, ეს ომი დასრულდება და შემდეგ უკრაინის ხელისუფლებასთან ყველა ამ საკითხზე გვექნება მკაფიო საუბარი. [...] ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ ეფუძნება კაპრიზებს და ეს არის კაპრიზი, როდესაც სააკაშვილის მიმართ არის დამოკიდებულება, რომ მიუხედავად იმისა რომ ის არის დამნაშავე, მის მიმართ მოპყრობა არის სათანადო, მაინც ხდება ყალბი მიზეზით გადაყვანის მოთხოვნა. კაპრიზებზე არ ეწყობა ქვეყნებს და ხალხებს შორის ურთიერთობა. [...] აქ არასწორად იქცევა უკრაინის ხელისუფლება. უკრაინის ხელისუფლება არის ის, რომელმაც საქართველოდან გაიწვია ელჩი, როდესაც ბელარუსშიც კი ელჩი ჰყავდა დატოვებული და უკრაინის ხელისუფლებაა ის, რომელმაც საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა უკრაინიდან. [...] ამის საპასუხოდ, როდესაც ხდება ამ ელჩის გამოძევება ქვეყნიდან, ეს არის ჩვენი ხალხის მიმართ არადიპლომატიური ჟესტი...", - აცხადებს პაპუაშვილი.

3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა და საქართველოს ელჩს შესთავაზა, კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს.

ელჩმა 5 ივლისს თქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს განემარტა - მათ მიერ დაფიქსირებული შეშფოთება "სინამდვილეს არ შეესაბამება".


close დახურვა