პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დეპუტატმა ირაკლი ბერაიას ბოდიში უნდა "დავაფასოთ" და ისევ ოპოზიცია გააკრიტიკა. მან ოპოზიციას მიმართა, რომ ბოდიშის მოხდის "კულტურა" დაამკვიდრონ.
"მის გამოსვლას ჰქონდა შინაარსობრივი ნაწილი და ყელა ვიზიარებთ შინაარსობრივ ნაწილს, რაც ეხებოდა კრიტიკას. რაც შეეხებოდა, იმ ნაწილს, სადაც იყო გარკვეული ეთიკური ჩარჩოებიდან გასვლის საკითხი, ამის გამო მან ბოდიში მოიხადა. მე არ მახსენდება ოპოზიციიდან ვინმე ერთი ადამიანი, ქალი ან კაცი, ვინმეს ბოდიში მოეხადა საერთოდ, რაც აქ ქალბატონ თეა წულუკიანს აკადრა ოთხმა ქალმა დეპუტატმა, რაც სხვა დროს ყოფილა. მე ვფიქრობ, თუ გამოიტანთ დასკვნას გუშინდელი დღიდან, არის ერთი რამე, რომ შეიძლება ყველას მოუვიდეს ასეთი გადაცდომა, მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ბატონმა ირაკლიმ ბოდიში მოიხადა და დავაფასოთ ეს ბოდიში. და ეს კულტურა იქნებ თქვენთანაც დაამკვიდროთ და ბოდიშის მოხდა თქვენც შეძლოთ ხოლმე", - განაცხადა პაპუაშვილმა.
31 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძქალა" უწოდა.
რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ მას "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება". გამოსვლის ბოლოს კი ბერაიამ თქვა, რომ აქუბარდიამ "მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს".
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.