პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ნეიტრალიტეტის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას.
მისი თქმით, ამაზე საუბარი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო.
"ნეიტრალიტეტის საკითხს რაც შეეხება, კარგად ვიცით, საიდან დაიწყო - 17 მარტს, სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა პირველმა თქვა საკითხის შესახებ და ამის შემდეგ გაიშალა პოლიტიკოსების თუ გარკვეული ე.წ. სპიკერების მხრიდან სოციალურ მედიაში, თითქოს ეს არის თემა, არადა, საკითხი საერთოდ არ დგას", - თქვა პაპუაშვილმა.
17 მარტს სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაცია იგეგმება. მისი თქმით, დაგეგმილი პროვოკაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობას რუსეთი ნეიტრალიტეტის გამოცხადებას მოსთხოვს, რასაც ხელისუფლება დათანხმდება.