logo
ENG



პარლამენტთან შეკრებილი მედიის წარმომადგენლები შენობაში არ შეუშვეს

18 ივლ 202112:59
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის შენობასთან, სადაც მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი, ხმაური იყო.

ადგილზე შეკრებილ მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სურდათ, სადაც დღეს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს უნდა მოუსმინონ, თუმცა მათ ამის საშუალება დაცვის სამსახურმა და პოლიციამ არ მისცა. მედიის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ შენობაში შესვლა კონკრეტული სიის მიხედვით ხდება.

"საშვი მაქვს და არ გვიშვებენ, იმიტომ, რომ ეშინიათ. ბრძანებაა გაცემული. დგანან და არ გვიშვებენ, მუხლიც კი არა იციან, რომლის მიხედვითაც არ გვიშვებენ. ეს კანონის დარღვევაა. პარლამენტი დაეყრდნო რაღაც მუხლს, რომელზეც ამათ [პოლიციელებს] წარმოდგენა არ აქვთ, მაგრამ თავად ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა ნიშნავს, რომ შეშინებულები არიან", - განაცხადა ფორმულას ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ.

პარლამენტში დღეს 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უნდა უპასუხოს. პარლამენტის პრესსამსახურმა დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები იმოქმედებს, მიზეზად კი "შესაძლო პროვოკაციების პრევენციას" ასახელებენ.

პარლამენტის შენობასთან დილიდან დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. ისინი აქციის მონაწილეებს შენობასთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.


close დახურვა