logo
ENG



პარლამენტი შშმ პირების საკითხზე კანონპროექტს, თემის წარმომადგენლების გარეშე განიხილავს

16 მარ 202014:35
3 წუთის საკითხავი
 

არასამთავრობო ორგანიზაციები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის გადადებას ითხოვენ.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები კორონავირუსის რისკჯგუფში არიან, ამიტომ განხილვაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

შშმ პირთა აქტივისტი მარი კორკოტაძე ამბობს, რომ კანონპროექტის განხილვას, თემთა წარმომადგენლების გარეშე აზრი არ აქვს. 

"იქ წერია, რომ ქვეყანა კეთილ ნებას იჩენს. ეს კანონი მიღების დღიდან იქნება მკვდარი და ვერც ერთი შშმ პირი ამ კანონით ვერ ისარგებლებს. ამ კანონის განხილვა უკვე 2-ჯერ გადაიდო და დღეს შემთხვევით ვიგებთ, რომ ისევ ჩაინიშნა განხილვა. ეს ხდება მაშინ როდესაც ყველა მოგვიწოდებს, რომ თავყრილობისგან თავი შევიკავოთ", - აღნიშნა კორკოტაძემ "ფორმულასთან" საუბარში. 

NGO-ების კრიტიკა გაუგებარია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ აღნიშნულ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა ყველა მსურველს დისტანციურადაც შეუძლია. 

"კომიტეტის სხდომა შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებით უკვე 8-ჯერ გაიმართა. ახლა თუ გაახსენდათ, როდესაც ფორსირებულ რეჟიმზე საუბრის შესაძლებლობა მიეცათ, ცოტა უხერხულია. ეს ყველაზე პროგრესული კანონია შშმ პირებთან დაკავშირებით. ამიტომ გავაჩეროთ ასეთი პროგრესული კანონი, იმის გამო, რომ ვიღაცას ეშინია კომიტეტზე დაესწროს, აქვთ საშუალება დისტანციურად მიმართონ კომიტეტს, თუ რამე შენიშვნა აქვთ", - ამბობს მდინარაძე.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას იზიარებენ. "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ შშმ პირები კანონპროექტი განხილვას უნდა ესწრებოდნენ, თუმცა ეს პანდემიის პირობებში რთულია. 

"შეზღუდული არის მასობრივი თავყრილობები. კომიტეტი სათანადოდ ვერ განიხილავს კანონპროექტს, შშმ პირთა თემის წარმომადგენლების გარეშე, რადგან ეს კანონპროექტი უშუალოდ ამ თემის წარმომადგენლებს ეხება. მოძრაობა ცვლილებებისთვის გაავრცელა შესაბამისი განცხადება და მოუწოდა კომიტეტს, რომ შშმ პირთა გარეშე არ მოხდეს კანონპროექტის განხილვა, რასაც ჩვენც სრულად მხარს ვუჭერთ", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

 


close დახურვა